Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EUMM უარყოფს, რომ ატოცში პატრულირება კონკრეტულ ინციდენტს უკავშირდებოდა


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) უპასუხა სოციალური ქსელებით და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 30 ოქტომბერს გამთენიისას, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ევროკავშირის მეთვალყურეთა პატრულირება სავარაუდოდ, კონკრეტულ ინციდენტს უკავშირდებოდა.

სადამკვირვებლო მისიის მიერ დღეს, 31 ოქტომბერს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ატოცის მახლობლად ჩატარდა რეგულარული, გეგმური პატრულირება, რომელიც არ იყო დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ინციდენტთან, როგორც ამას ამტკიცებს ზოგიერთი წყარო.

მისია აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდება როგორც დღისით, ასევე ღამით.

ევროკავშირის სადამკვირვებლი მისიის განცხადებით, ყურადღებით აკვირდება ატოცის შემოგარენში „ბორდერიზაციას“ და შესაბამის ინფორმაციასაც ავრცელებს. გასულ დღეებში მეთვალყურეებმა დააფიქსირეს ახალი ღობეების დადგმა, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.

ამასთან, წინა დღეებთან შედარებით, მისიას არ შეუნიშნავს რაიმე შესამჩნევი განსხვავება სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ძალების პატრულირებასა და პოზიციებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ამჟამად ატოცთან შედარებით სტაბილური ვითარებაა.

30 ოქტომბერს, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის პირველიდან ორ საათამდე შუალედში „ადგილობრივებმა შენიშნეს ატოცის მინდვრებში, არაოკუპირებულ ნაწილში ოკუპანტების საცხენოსნო პატრული დაახლოებით ათეულის შემადგენლობით“.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ატოცთან ე.წ. სასაზღვრო ღობეები 19 ოქტომბერს დადგეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ატოცელების მიწის ნაკვეთები.

XS
SM
MD
LG