Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: მორატორიუმი შუამდგომლობის განხილვას არ ეწინააღმდეგება


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობაში, რომლითაც სინოდმა პრეზიდენტს მიმართა, საუბარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით შეწყალებაზე არაა.

„განჩინებასა და შუამდგომალობაში აღნიშნულია, რომ სინოდმა გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს მამალაძის შეწყალების თხოვნით ორი მიზეზით, ერთი ეს არის ოჯახური მდგომარეობა და მეორე არის შეწყალების არაერთგზის მოთხოვნა. არაფერი ამ შუამდგომლობაში არ წერია, რომ ეს შუამდგომლობა გაკეთდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ეს მას აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ სინოდმა გაიზიარა სამედიცინო და ასევე სხვა ექსპერტიზის დასკვნა, რომ არც ორგანული და არც სხვა მიზეზი არ არსებობს პატომრის ავადობის დამადასტურებლად. თუმცა ჯერჯერობით არ არის დასრულებული ალტერნატიული ექსპერტიზა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა დარჩეს ციხის საავადმყოფოში თუ დაბრუნდეს საპატიმროში.

რაც შეეხება შეწყალების შესაძლებლობას პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის პირობებში, თეა წულუკიანმა აღნიშნა:

„მე არ მგონია, რომ ეს მორატორიუმი, რომელიც ზეპირად გაცხადდა და მას არ აქვს რაიმე ტიპის კანონიერი საფუძველი, თუმცა, ის უკანონო არ არის, რომ პრეზიდენტმა, როცა ის ჩათვლის საჭიროდ, შუამდგომლობა განიხილოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატრიარქო შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

„დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი 18 სექტემბერს გამოაცხადა.

საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემულ შეწყლების აქტს. შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯვარდებული 3 პირი იყო.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ვიცე-პრემიერს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 30 ოქტომბერს შეხვდა. ამ შეხვედრაზე პატიმართა შეწყალების მორატორიუმის საკითხზე არ უსაუბრიათ. პრეზიდენტი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის სექტემბრიდან იხდის 9-წლიან სასჯელს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.

გიორგი მამალაძე დანაშაულის ჩადენას უარყოფს. მისი ოჯახი აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. გიორგი მამალაძის ოჯახმა დეკანოზის შეწყალება ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სთხოვა. შეწყალების გადაწყვეტილება არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG