"საქართველოს მთავარ და ყოველდღიურ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა 6 ნოემბერს ბათუმში, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას.
ზურაბიშვილის თქმით, ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას და დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მუდმივად ცდილობს ინციდენტების თავიდან აცილებას, რადგან ცალმხრივად აქვს აღებული ვალდებულება ძალის არგამოყენებაზე.
„მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა გასულ კვირაში მომხდარ ორ ფაქტზე, როცა ოკუპირებული ახალგორის რაიონის მცხოვრები მარგო მარტიაშვილი სამედიცინო დახმარების მისაღებად ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს და ოჯახი იძულებული გახდა წაეყვანა ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. დაკეტილ "საზღვარზე" არ უშვებენ ამავე რაიონის მკვიდრს თამარ გიგაურსაც, რომელსაც ასევე სჭირდება სამედიცინო დახმარება.
"მე მინდა ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
მისი შეფასებით, ადეკვატური პასუხის არარსებობა სიტუაციაში, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება, თავად წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას: "მოსახლეობის უიმედობას და გაჭირვებას შეიძლება მოყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ეს ერთადერთი გზა არსებობს".
პრეზიდენტის განცხადებით, ამ გამოწვევაზე საქართველოს პასუხი მის თავდაცვის პოლიტიკაში და ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაშია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატოს ღია კართან მაქსიმალურ დაახლოებას:
"ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს კონსტიტუციით გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადია".