რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში, ეგორ კოჩიევი საქართველოს ხელისუფლებას და მედიას დეზინფორმაციის და ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „რეს“-ის ვებსაიტზე დღეს, 6 ნოემბერს გამოქვეყნდა კოჩიევის კომენტარი, რომ „დეზინფორმაცია და ტყუილი საქართველოს ხელისუფლების სავიზიტო ბარათად იქცა“.
ეგორ კოჩიევი კვლავ იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის პოზიციას, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ უისტასთან“ მდებარეობს. შესაბამისად, კოჩიევი ტყუილს უწოდებს ქართული მხარის განცხადებებს, რომ საგუშაგო მის მიერ კონტროლირებულ რაიონშია.
ეგორ კოჩიევი ტყუილს უწოდებს ქართული, ანუ „არამეგობრული სახელმწიფოს მედიასაშუალებებით“ გავრცელებულ ცნობებსაც, რომ „თითქოსდა სიკვდილის პირას მყოფ პაციენტ ქალს საქართველოში სამკურნალოდ არ უშვებენ“.
„გვსურს ვაცნობოთ ყველა დაინტერესებულ პირს, მადამ ციხელაშვილის ჩათვლით, რომ გუშინ, 2019 წლის 5 ნოემბერს პაციენტი გაწერეს ცხინვალის საავადმყოფოდან, სადაც ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს. თამარ გიგაურის მდგომარეობა არანაირ შეშფოთებას არ იწვევს და ქართული მედიის და ცალკეული მინისტრების ისტერიკას არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, - ნათქვამია ეგორ კოჩიევის განცხადებაში.
ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამარ გიგაურმა გასულ კვირაში, ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო და მისი ოჯახი ითხოვდა პაციენტის გადაყვანას თბილისის კლინიკაში. ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა, ჰუმანიტარული მიზნით გაეხსნა ახალგორთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი.
რამდენიმე დღით ადრე, ოჯახს აუკრძალეს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრის, მარგო მარტიაშვილის გადაყვანა. ხანდაზმული ქალი, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს. მარგო მარტიაშვილი 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მარგო მარტიაშვილს საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი უწოდა.
ახალგორთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი. ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, იძულებულნი არიან ჯერ ცხინვალიდან გამოძახებულ ავტომანქანას დაელოდონ, შემდეგ კი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში, საკმაოდ რთული გზით იმგზავრონ ცხინვალის საავადმყოფომდე. ახალგორის რაიონის მცხოვრებთ შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიაზე, სურსათსა და მედიკამენტებზე. ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული კრიზისია.
ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.