Accessibility links

ახალი ამბები

შსს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ უსაფრთხო ჩვენებას უზრუნველყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.

ფილმის პრემიერისას დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი

მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ოფისზე გააკრეს სტიკერები წარწერით „დალუქულია“

„ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა თბილისში დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ ვერ შეძლეს. სამართალდამცავებმა მათ ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა შენობის გარე ფასადზე გააკრეს სტიკერები წარწერით „დალუქულია“.

აქციის ორგანიზატორებსა და მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცავთა ჩარევის შემდეგ ვითარება განიმუხტა.

"ევროპული საქართველო" დღეს ქვეყნის მასშტაბით "მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომების" აქციას მართავს. აქციები უკვე გაიმართა არჩილ თალაკვაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ბიუროებთან.

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში. 2019 წლის 21 ნოემბერი

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, პრინციპული პოზიცია გამოხატონ საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო.

ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე, რომელსაც საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი უძღვებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებაზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და აშშ-თან თანამშრომლობის შედეგებზე.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზე და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო განვითარების გეგმები: „საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება სტრატეგიული მზადყოფნის ცნებას, რაც გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა სტრატეგიული მოთმინებით მზად ვიყოთ ნატოში გაწევრიანებისთვის“.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ცხადყოფს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას.

ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა კუანტიკოს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტშიც და შეხვდა ქართველ ოფიცრებს, რომლებიც სამეთაურო-საშტაბო და მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსს გადიან. თავდაცვის მინისტრი შეხვდა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მეთაურს, გენერალ ჯეი ბარგერონს.

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრას გამართავს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას.

ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო გემი შევიდა

საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ ბათუმის ნავსადგურში. 2019 წლის 22 ნოემბერი

დღეს დილით ბათუმის ნავსადგურში შევიდა საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“. ფრანგული გემი საქართველოს ეწვია თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში.

25 ნოემბერს, ხომალდის ეკიპაჟი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციის ძალები ერთობლივ სწავლებას გამართავენ.

ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროს ბოქლომი დაადეს

აქცია არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან. "გურია ნიუსის" ფოტო.

ოზურგეთში „ევროპული საქართველოს" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს.

ადგილზე პოლიციის გარდა იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები. მედიის თანახმად ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

„დაგვახვედრეს დაცვის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, სუს-ი, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც არ გვაძლევდნენ საშუალება, რომ ბიუროს ოფისისთვის ბოქლომი და ჯაჭვი დაგვედო. გვეტაკნენ, წაგვაქციეს, თუმცა საბოლოოდ, თალაკვაძის ოფისი მაინც დალუქულია. სტიკერები გავაკარით თვითონ მერობის შენობაზეც, სადაც თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული.

გვქონდა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან. დაიწყეს შეურაცხყოფა, თუმცა დავუფიქსირეთ, რომ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და ვაპროტესტებთ გადაგდებას.

ვუთხარით, რომ კიდევ დავბრუნდებით. არ მოვასვენებთ. ყველგან, სადაც წავლენ, მივალთ და შევახსენებთ, რომ დანაპირები უნდა შეასრულონ და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით“, - უთხრა „ინტერპესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ გოგოტიშვილმა.

"ევროპული საქართველო" დღეს "მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომების" აქციას მართავს. არჩილ თალაკვაძის გარდა, იგეგმება მიხეილ ყაველაშვილის, მამუკა მდინარაძის, მერაბ ქვარაიას, დიმიტრი მხეიძისა და იოსებ მაკრახიძის მაჟორიტარული ბიუროების "დაბოქლომება".

საია აქციაზე დაკავებული ბუნტურისა და ჭიჭინაძის საქმეს ასაჩივრებს

გიორგი ბუნტურის და ლუკა ჭიჭინაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებულ ბუნტურსა და ჭიჭინაძეს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოეხსნათ, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით პატიმრობა მიესაჯათ.

როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი გვანცა საკანელაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას. მათ მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთება ამ დრომდე არ ჩაბარებიათ, სარჩელს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ამზადებენ.

„ლუკა ჭიჭინაძის მიმართ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლემ მხოლოდ სამართალდამცველთა ახსნა-განმარტებებით იხელმძღვანელა, საქმეში არ არსებობს არც ვიდეო მტკიცებულებები და არც მოწმეთა ჩვენებები. რაც შეეხება ბუნტურს, მისი მისამართით არსებობს მხოლოდ რამდენიმეწამიანი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ დგას ის მომიტინგეთა მასაში გაუნძრევლად, რითაც პოლიციისადმი წინააღმდეგობა ნამდვილად არ დასტურდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საიას ადვოკატი გვანცა საკანელაშვილი.

სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან 10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმის განხილვა გადაიდო.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

ზვიად კუპრავამ საპატიმრო სასჯელი მოიხადა

ზვიად კუპრავა

სასჯელაღასრულების მე-8 დაწესებულება დატოვა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ. მან 9-თვიანი საპატიმრო სასჯელი მოიხადა.

2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს კუპრავამ სასამართლოს შენობაში მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

იმ პერიოდში, ზვიად კუპრავა აქტიურად უჭერდა მხარს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციებს საქმის ობიექტურად გამოძიების და რეალური დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. ზვიად კუპრავა აცხადებდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.

ფიონა ჰილი: საქართველოს და უკრაინას ბევრ რამეს დავპირდით და არ შევასრულეთ

ფიონა ჰილი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა, ფიონა ჰილმა 2008 წლის აგვისტოს ომზეც ილაპარაკა კონგრესში, საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით გამოკითხვისას.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რუსეთზე, როგორც საფრთხეზე საუბრისას ჰილმა გაიხსენა 2008 წელი და რუსეთ-საქართველოს ომი: „2008 წელს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. მე მაშინ ეროვნული დაზვერვის ოფიცერი ვიყავი და ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტით მთავრობის მაღალ წრეებს ვაფრთხილებდით, რომ გვჯეროდა არსებობდა რეალური კონფლიქტის რისკი რუსეთსა და საქართველს შორის და უფრო მეტიც, ჩვენ ასევე გვჯეროდა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინას დასხმოდა თავს“.

ფიონა ჰილმა ხაზი გაუსვა, რომ 2008 წელს საქართველოს და უკრაინას სურდათ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და მათ რუსეთი ღიად ემუქრებოდა, რომ თუ ნატოს წევრობის მოთხოვნას გააგრძელებდნენ, ეს უშედეგოდ არ ჩაივლიდა.

„საქართველოზე თავდასხმის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ნათლად უთხრა - და ეს მე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მითხრეს, - რომ პუტინმა სააკაშვილს პირდაპირ უთხრა: შენი დასავლელი მოკავშირეები, შენი დასავლელი პარტნიორები ბევრს გპირდებიან და არ ასრულებენ, მე გემუქრები და მე ვასრულებ“, - თქვა ფიონა ჰილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს დასავლეთის გამოცდას: "ჩვენ საქართველოს და უკრაინას ამ პერიოდში ბევრ რამეს დავპირდით და არ შევასრულეთ. პუტინი ყოველთვის ეძებს რაიმე ნიშანს იმისას, რომ ჩვენ არ შევასრულებთ დაპირებებს, რომელიც გავეცით, რადგან ის ყოველთვის შეასრულებს მუქარას და ასეც მოიქცა. ის 2008 წელს უკრაინას დაემუქრა და 2014 წელს, როცა უკრაინა შეეცადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დასრულებას, თავს დაესხა. თუმცა, მთელი ეს პერიოდი ემუქრებოდა“.

ფიონა ჰილი კონგრესის წარმომადგელთა პალატაში ხუთშაბათს გამოკითხეს დემოკრატების მიერ ინიცირებული საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში. მისი მიზანია დაადგინოს, გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობა ბოროტად და შეუჩერა თუ არა დახმარება უკრაინას, რომლისგანაც პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა.

ხულოს მუნიციპალიტეტში 7 სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ხანძარი 22 ნოემბერს, 03:00 საათისთვის გაჩნდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად დაიწვა შვიდი საცხოვრებელი სახლი და ხუთი დამხმარე ნაგებობა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი წუხელ, 3 საათზე გაჩნდა და ხის სახლებზე სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლს ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები აქრობდნენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ და ქირით უზრუნველყოფენ, საჭირო დოკუმენტების შეგროვების შემდეგ კი, სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

"ბოქლომების აქცია" მაჟორიტარულ ოლქებში გაგრძელდება

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები დღეს დილიდან იწყებენ „მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომებას“. პირველი აქცია 9 საათზეა დაგეგმილი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ოლქში, ოზურგეთის მერიის შენობასთან. ერთი საათის შემდეგ აქცია ჩატარდება სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ოლქში.

პარტიის წევრები თბილისიდან გაემგზავრებიან მცხეთაში, სადაც დიმიტრი ხუნდაძის „მაჟორიტარული ოლქის დაბოქლომებას“ გეგმავენ. 11 საათზე აქციები ერთდროულად უნდა გაიმართოს დიდ დიღომში, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქში, ზუგდიდში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაა, ქუთაისის მერიასთან, დიმიტრი მხეიძის მაჟორიტარულ ოლქში და გორის მერიასთან, იოსებ მაკრახიძის მაჟორიტარულ ოლქში.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდება წაუყენა ბენიამინ ნეთანიაჰუს

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდება წაუყენა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

იმის შესახებ, რომ პრემიერს კორუფციაში ბრალის წაყენებას უპირებდნენ სამ საქმესთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ თებერვალში გახდა ცნობილი. პროკურორებმა მაშინ განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუ მდიდარი ბიზნესმენებისგან იღებდა საჩუქრებს, რომელთა საერთო ღირებულებაა 300 ათასი დოლარი. ასევე მედიაბიზნესის წარმომადგენლებს სამსახურს უწევდა მისი მოღვაწეობის უფრო დადებითი გაშუქების სანაცვლოდ. ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს.

ნეთანიაჰუს მიმართ ბრალდებების ფონია პოლიტიკური კრიზისი ისრაელში. სექტემბერში გამართული განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კვლავაც ვერ ხერხდება მთავრობის ჩამოყალიბება. ნეთანიაჰუს წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იგივე ბედი ეწია ოპოზიციის ლიდერს, ბენი განცს. დიდი ალბათობით გიმართება კიდევ ერთი არჩევნები.

წულუკიანი: ბევრი რამ ჩვენი ბრალია - კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული

იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

„ახლა როდესაც ბოქლომიანები გვაიძულებენ, მივოშოროთ ეს სისტემა [შერეული საარჩევნო სისტემა], ეს მათი ვიწროპარტიული ინტერესია და გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ვარდებით მოსული ხელისუფლება ბოქლომებით სირბილამდეა დასული.

ბევრი რამ ჩვენი ბრალია - დიახ, კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული. კოჰაბიტაცია არ უნდა ვინანოთ, თუმცა დასასრული უნდა ჰქონდეს. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ პირველივე დღებში თქვა, ბევრმა მაშინ კარგად ვერ გავიგეთ. დღეს კარგად მესმის, მან თქვა: ოპონენტებს, რაც არ უნდა ყველაზე სასტიკი ხელისუფლება ყოფილიყო საქართველოს ისტორიაში, მოვეპყრათ არა ისე, როგორც მათ ეკადრებათ, არამედ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანასო და ჩვენ წაგვიყვანა განვითარების მშვიდობიან და დემოკრატიულ გზაზე, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ეს.

დღეს ვფიქრობ, დადგა დრო, რომ 2020 წლის არჩევნებზე ვაჩვენოთ, ეს არის წარსული ძალა“, - თქვა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

ძლიერი თოვის გამო გომბორი-თელავის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ამ წუთებში ათეულობით ავტომანქანა არის გაჩერებული ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. მიზეზი ძლიერი თოვა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია. არსებული ვითარების გამო შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდა.

როგორც რადიო თავისუფლებას შს სამინისტროდან აცნობეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

„ამავე გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ და მძღოლებს გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილზე აწვდიან ინფორმაციას”, - განაცხადეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის წევრებს გერმანიამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა

ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიის ხელისუფლებამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლესა და ოთხ შვილს. სტატუსი ხანგოშვილის ოჯახის წევრებს გერმანიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს. ეს გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ახლა გახდა ცნობილი, გერმანიის გამოცემა Spiegel-ის თანახმად, მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების ფედერალურმა უწყებამ 21 ოქტომბერს მიიღო.

23 აგვისტოს ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოკლა მამაკაცმა, რომელმაც ველოსიპედით გაუჩინარება სცადა, მაგრამ მალევე დაკავებულ იქნა პოლიციის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება. საგამოძიებო ვებსაიტების Bellingcat-ისა და The Insider-ის თანახმად, მკვლელობა შესაძლოა რუსეთის სახელმწიფოს ხელშეწყობით ან მისი დაკვეთითაც კი იქნა ჩადენილი.

პანკისის ხეობაში დაბადებული ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ორ ომში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. მოგვიანებით ის თანამშრომლობდა საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის უშიშროების სამსახურებთან. ხანგრძლივი მუქარებისა და მასზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.

ზელიმხან ხანგოშვილის სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახის წევრებს საქართველოში დეპორტაცია ემუქრებოდათ. გერმანიაში მათ დარჩენას ითხოვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოლიტიკოსები.

როგორც ხანგოშვილის მეუღლემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას და მის შვილებს გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი სამი წლით მიენიჭათ.

შსს: „ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ „იმედის“ თანამშრომლებს“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, როგორც შსს იტყობინება, „ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის წევრები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო. საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა: “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით „მხსნელი”,”გადამრჩენელი” და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”.

წულუკიანი პროპორციულ სისტემაზე: „ბატონი ბიძინას დაპირება ეს კი არ იყო, ეს იყო იდეა“

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა საარჩევნო სისტემის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ. როგორც წულუკიანი ამბობს, ბუნებრივი ბარიერის დაწესება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო.

„ეს იდეა წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან და მიკვირს ადამიანების, რომლებიც არიან ნაწყენი, რომ ეს იდეა ვერ გავიდა, იმიტომ, რომ გარკვეულმა ჯგუფმა ხმა არ მისცა. მიდის სპეკულაციები იმაზე, რომ თითქოს ამის უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი დგას, თორემ, როგორ გაბედავდა ოქრიაშვილი, რომელიც მე ვარ მომსწრე, როდესაც თათბირზე ბატონმა ბიძინამ ეს იდეა გააჟღერა, ეს დეპუტატები, ვინც დღეს კანონპროექტს ხმა არ მისცეს, ესენი იყვნენ, იგივე ხუნდაძე, ოქრიაშვილი და სხვები, მას ღიად დაუპირისპირდნენ. თქვეს, რომ ეს ჩვენ არ მოგვწონს და იქ იყო ცხარე კამათი. შესაბამისად, ჩვენ ალბათ ჯობს გამოვიდეთ იმ ლოგიკიდან, რომ ვიყოთ განაწყენებულები, იმიტომ, რომ ვისზე არიან განაწყენებულები, არ მესმის.

ბატონი ბიძინას დაპირება ეს კი არ იყო, ეს იყო იდეა, რომ შესთავაზა, პარტია აქეთკენ წავა, პარტიაში ვიღაცებმა ეს არ გაიზიარეს. მე ჩემს თავს მათში არ ვთვლი, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ, მაგრამ დეპუტატად რომ დავრჩენილიყავი, მე, რა თქმა უნდა, მათ ჯგუფში ვიქნებოდი, რომელიც იტყოდა, რომ მაჟორიტარობა შესანარჩუნებელია და ეს ქვეყანას სჭირდება. მათ შორის კარგია პოლიტიკოსად ჩამოყალიბებისთვის“, - ამბობს თეა წულუკიანი.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა.

საქართველოს 150-წევრიან [დღეისთვის 148 წევრია] პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს, 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო მიტინგის დაშლის შემდეგ (რასაც მისი ოპონენტები „გავრილოვის ღამეს" უწოდებენ) გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო მომიტინგეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

რუსეთი: კანონპროექტი კრძალავს გაჯეტებს რუსული პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი სმარტფონებისა და კომპიუტერების გაყიდვის აკრძალვაზე, რომლებზეც არ არის დაყენებული რუსული პროგრამული უზრუნველყოფა.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის 1 ივლისიდან სავალდებულოა რუსული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება. პროგრამების სიას სახელმწიფო დაადგენს. კანონპროექტის ახსნა-განმარტებით მინაწერში სმარტფონებისა და კომპიუტერების გარდა ასეთ მოწყობილობებად მიიჩნევა „სმარტ-ტვ“ ფუნქციის მქონე ტელვიზორებიც.

კანონის ავტორები, რომელთა შორის არიან სახელმწიფო დუმის ოთხი ფრაქციის წარმომადგენლები, მიიჩნევენ, რომ მისი მიღება ხელს შეუწყობს რუსული IT კომპანიების განვითარებას და მათ უცხოური კორპორაციების თანაბარ დონეზე დააყენებს. თავად კანონპროექტი, როგორც სახელმწიფო დუმაში ხსნიან, მიმართულია „რუსეთის მომხმარებლების უფლებების დაცვისკენ“.

როგორც გამოცემა The Bell-ი აღნიშნავს, კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არაფორმალურად უწოდებენ „Apple-ის წინააღმდეგ მიმართულ კანონს“. ანონიმმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ შეზღუდვები გამიზნულია სწორედ ამ კორპორაციის პროდუქციისთვის. საოპერაციო სისტემა iOS-ი, რომელსაც გამოიყენებს Apple-ი, საერთოდ არ ითვალისწინებს უცხო აპლიკაციების წინასწარი ჩატვირთვის შესაძლებლობას.

ბროკ ბირმანი: პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა, რომ საარჩევნო რეფორმები გავიდოდა

USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ბროკ ბირმანმა „ტვიტერზე“ დაწერა სქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, მმართველ პარტიას დაპირება არ შეუსრულებია.

„სექტემბერში თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები გავიდოდა. „ქართულ ოცნებას“ არ შეუსრულებია მისი საჯარო დაპირება, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს რეფორმა და პოლიტიკური პლურალიზმი ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია“, — წერს ბირმანი ტვიტერზე.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა.

საქართველოს 150-წევრიან [დღეისთვის 148 წევრია] პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს, 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო მიტინგის დაშლის შემდეგ (რასაც მისი ოპონენტები „გავრილოვის ღამეს" უწოდებენ) გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო მომიტინგეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

ბასილაია: იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ

სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია და გიორგი ბუნტური, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათ შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, განსაზღვრულ დღეებს დაჰყოფენ.

ბასილაიას 13, მაქარაშვილს 12 და ბუნტურს 5 დღით მოუწევთ იზოლატორში ყოფნა.

ცოტა ხნის წინ ისინი ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა მოინახულა. თედლიაშვილით თქმით, იზოლატორში ნორმალური პირობებია და დაკავებულები თავს ცუდად არ გრძნობენ. გარდა ამისა, ადვოკატი მედიას ბექა ბასილაიას გზავნილსაც აცნობს.

ბასილაია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს და მოსამართლის მიერ განსაზღვრულ ვადას იზოლატორში გაატარებს.

„იმ ფონზე, როცა ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტებს ტყვეობაში ჰყავთ გაურკვეველი დროით, ბექა ბასილაია არ აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, სასჯელის მოხდის შემდეგ კი აქციებს შეუერთდება“, - ამბობს თედლიაშვილი.

გორელი სამოქალაქო აქტივისტები დაკავებულებისთვის აგროვებენ თანხას, პროდუქტებს და სხვა საჭირო ნივთებს. მათი თქმით, ვადის ამოწურვამდე, საკუთარ თავზე იღებენ იზოლატორში მყოფი თანამებრძოლების საკვებით უზრუნველყოფას.

18 ნოემბერს დაკავებული 12 პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და 10 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა (მათ შორის ბექა ბასილაიას - 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა), ერთი პირი დაჯარიმდა -1000 ლარის ოდენობით, ერთ მათგანს კი მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.

რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონპროექტი შესაძლებელს ხდის კერძო პირების „უცხოეთის აგენტებად“ ცნობას

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის კერძო პირების „უცხოეთის აგენტებად“ ცნობას. დოკუმენტს 311-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხმა თავი შეიკავა.

შესწორებების თანახმად, „უცხოეთის აგენტებად“ შეიძლება მიჩნეულ იქნენ ფიზიკური პირები, რომლებიც ავრცელებენ „უცხოეთის აგენტებად“ ცნობილი მედიის მასალებს, ან მონაწილეობენ მის შექმნაში, ასევე ფულს ან ქონებას იღებენ უცხოეთიდან ან რუსეთის იურიდიული პირებისგან, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან.

ინიციატივის ავტორმა, სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ ლევინმა დააზუსტა, რომ „თუკი ფიზიკური პირი წერს და ავრცელებს მასალებს კულტურის, სპორტის ან მუსიკის შესახებ, ასეთი თანამშრომლობა დიდი ალბათობით არ შეიცავს უცხოეთის აგენტების სიაში შეყვანის რისკს.“ მაგრამ თუკი ადამიანი წერს მასალებს, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებასთანაა კავშირში, ასეთი რისკი საკმარისად მაღალია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამას იუსტიციის სამინისტრო განსაზღვრავს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, განაცხადა ლევინმა.

რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს. ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია ან საზოგადოებრივი მოძრაობა შეიძლება შეყვანილ იქნეს „აგენტების“ სიაში, თუკი ის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს უცხოეთიდან და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც დგინდება ასეთი საქმიანობა, კანონში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. რეესტრში მოხვედრილმა ორგანიზაციებმა პერიოდულად უნდა წარმოადგინონ ანგარიში საკუთარი ფინანსური საქმიანობის შესახებ, ასევე უნდა მიუთითონ ინტერნეტსა და მთელს მედიაში, რომ ისინი „უცხოეთის აგენტები“ არიან. დარღვევას შეიძლება მილიონობით რუბლის ოდენობის ჯარიმა მოჰყვეს.

2017 წლის ნოემბერში რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის, „უცხოეთის აგენტებად“ იქნენ მიჩნეული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა ათი მედიასაშუალება, მათ შორის „ამერიკის ხმა“ და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ „უცხოეთის აგენტი მედიასაშუალებების შესახებ კანონი“ არის „სარკისებრი ანარეკლი“ აშშ-ის კანონმდებელთა მოთხოვნებისა, რომლებსაც ისინი უყენებენ რუსულ ტელეარხ Russia Today-ს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის, ჯეიმი ფლაის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმედება „პოლიტიკურად არის მოტივირებული“. ფლაის თქმით, „მცდარია ნებისმიერი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ან ჩვენი ჟურნალისტები რომელიმე მთავრობის აგენტები ვართ“, განაცხადა ფლაიმ.

კახა კალაძე იტალიაში შეკვეთილი ნაძვის ხისა და საახალწლო ილუმინაციების სანახავად წავიდა

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლოდ შეკვეთილი ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში იმყოფება. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია:

კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის
ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა. კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე”,
- განმარტავენ თბილისის მერიაში.

2019 წელს ნაძვის ხის, გასანათებელი მოწყობილობებისა და საშობაო ნაძვის ხის ნათურების შესაძენად თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებულ 3 სხვადასხვა ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, რომლისგანაც 2018 წელს თბილისს უკვე ნაყიდი ჰქონდა 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ნაძვის ხის ნათურები, ლამპრები და სანათი ნივთები.

იტალიური ნაძვის ხე ქალაქს 1 100 000 ლარი დაუჯდება, გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები - მილიონ-ნახევარზე მეტი.

გარდა იმ სამი ტენდერისა, რომელშიც უკვე გამოვლინდა გამარჯვებული იტალიური კომპანია, საახალწლო სანათებისა და დეკრაციებისთვის თბილსერვის ჯგუფს კიდევ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ერთი მათგანი, რომელიც 467 000 ლარის ღირებულებისაა, 3D გულის, 3D ვარსკვლავის და ქუჩაში განსათავსებელი სხვა დეკორაციების შესყიდვას ისახავს მიზნად, მეორე კი - 477 000 ლარის საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და სტრინგების.

3D დეკორატიული სფერო
3D დეკორატიული სფერო
3D კუდი, ვერცხლისფერი ქამელეონის გირლიანდებით
3D კუდი, ვერცხლისფერი ქამელეონის გირლიანდებით
3D გული
3D გული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2019 წლის საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე საქართველოს 5-მა თვითმმართველმა ქალაქმა, თბილისმა, ბათუმმა, ქუთაისმა, რუსთავმა და ფოთმა, ჯამში, დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. ამ თანხის 82% თბილისზე მოდიოდა.

მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი დააკავეს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი დააკავა.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გზა გადაუკეტა, რასაც პოლიციასა და „შეცვალეს“ წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ეს დაპირისპირება აქციის მონაწილეთა დაკავებით დასრულდა.

"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირის ელჩები შეხვდნენ. შეხვედრა ამ დროისათვის დასრულებულია.

ტეხასის პოლიგონზე აფეთქდა ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის პროტოტიპი

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის პროტოტიპი, რომელზეც მუშაობენ მარსზე გაფრენისთვის, ტეხასის პოლიგონზე აფეთქდა. SpaceX-მა ინციდენტი გაფრენის სატესტო ხასიათით ახსნა. „დღევანდელი სამუშაოს მიზანი იყო სისტემებში წნევის მაქსიმალურად გაზრდა, ამიტომ შედეგი ჩვენთვის მთლად მოულოდნელი არ ყოფილა,“ განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ავარიამ გავლენა იქონია Starship-ის გამოცდის გრაფიკზე. მანამდე მიაჩნდათ, რომ რაკეტა სატესტო ფრენებს განახორციელებდა დაბალ სიმაღლეებზე. ილონ მასკმა ტვიტერში დაწერა, რომ საფრენი გამოცდები ჩატარდება სხვა რაკეტაზე, რომელიც ჯერ არ არის აგებული.

თბილისის საქალაქო სასამართლო „18 ნოემბრის საქმეების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

„18 ნოემბრის საქმეების“ შესახებ გავრცელებულ განცხადებაში თბილისის საქალაქო სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და ხელშეშლის მცდელობის შესახებ მიუთითებს.

„2019 წლის 19-21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და მწვავე კრიტიკის ფონზე განიხილა“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სასამართლო აღნიშნავს, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს, პროცესზე სხდომის თავმჯდომარის დასასამართლოს შენობასა და ეზოში მანდატურის სამსახურის მხრიდან სრულად იქნა დაცული მოქალაქეთა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება“, - აღნიშნავს სასამართლო.

რაც შეეხებასასამართლოში საქმეთა განაწილებასთან მიმართებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“შესაბამისად, მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით.

ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებშიაღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც სასამართლო განმარტავს, განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება. ამასთანავე, მიმდინარე თვის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველდღიურადმორიგე მოსამართლეზე საშუალოდ 51 სამართალდარღვევის საქმე ნაწილდება.

„შესაბამისად,2019 წლის 18 ნოემბერს შემოსული ოქმები განაწილდა აღნიშნული წესის თანახმად, მორიგე მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილზე“, - მიუთითებს სასამართლო.

განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს დროებითი მოთავსების საკანში მოთავსებული პირების მონახულების უფლება აქვთ მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, საქართველოს სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება დაკავებულთა საკითხს, 21 ნოემბერს სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე იმსჯელა.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო, წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმისწარმოება თორმეტივე პირის მიმართ შეწყდა. სასამართლომ 12 პირი სამართალდამრღვევად ცნო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და 10 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი პირი დაჯარიმდა -1000 ლარის ოდენობით, ერთ მათგანს კი მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. სამართალდარღვევათა ოქმების განხილვა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 25 პირის მიმართ გადადებულია სხვა დროისთვის“, - აღნიშნავს სასამართლო.

ირანელ ბუნების დამცველებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს სისხლიანი დემონსტრაციების ფონზე

გასამართლებული ირანელი ბუნების დამცველები: (მარცხნიდან მარჯვნივ): ნილუფარ ბაიანი, აბდოლრეზა ქუფაიე, ჰუმან ჯოქარი, ამირ ჰოსეინ ხალეღი, თაჰერ ხადირიანი, მორად თაჰბაზი, სეფიდე ქაშანი და სამ რაჯაბი

ირანის სასამართლომ ამ ქვეყნის ბუნების დამცველი ორგანიზაციის ექვს თანამშრომელს სხვადასხვა ვადით, 6-დან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ჯაშუშობის ეს საქმე საერთაშორისოდ გახდა კრიტიკის სამიზნე, აცხადებენ ბრალდებულების ოჯახის წევრები და აქტივისტები.

ამის ფონზე ირანში საწვავის ფასის გაზრდის გამო გამართული დემონსტრაციების დროს ხალხი დაიხოცა.
ბუნების დამცველები, კონსერვაციონისტები, 22 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაასამართლეს „აშშ-ის მტრულ სახელმწიფოსთან კავშირის გამო“, ავრცელებს ცნობას ნიუ-იორკში მოქმედი ირანში ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი.

ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ჰადი ღამის თანახმად, „დანაშაული , რაც ჩადენილ იქნა კონსერვაციონისტებთან დაკავშირებით, არის მათი უკანონო დაპატიმრება, მათ მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა გახანგრძლივებული პატიმრობის დროს, დამამცირებელ საკნებში, ასევე მათი უფლებების უარყოფა სასამართლოს დროს, ყალბი განაჩენები და სასჯელი, მტკიცებულების თუ კანონის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, ამბობს ღაემი.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ღოლამჰოსეინ ესმაილიმ განაცხადა, რომ გარემოს დამცველებს აქვთ შესაძლებლობა განაჩენები გაასაჩივრონ თეირანის რევოლუციურ სასამართლოში.

ბრალდებულები ველური ბუნების დაცვის სპარსული ფონდის წევრები არიან. ფონდის მიზანია საფრთხეში მყოფი ცხოველების დაცვა და საზოგადოებაში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება. ისინი ბრალდებას უარყოფენ. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები მთელ მსოფლიოში შეუერთდნენ მეცნიერებს, რომლებიც მოწოდებით გამოდიან, გაათავისუფლონ კონსერვაციონისტები.

ზელენსკი აპირებს რუსეთს მოსთხოვოს უკრაინული გემების სამხედრო აღჭურვილობა

უკრაინისთვის დაბრუნებული გემები ოჩაკოვის პორტში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს, რუსეთს მოსთხოვოს, რომ დააბრუნოს უკრაინისთვის გადაცემული გემების სამხედრო აღჭურვილობა. რუსეთმა გემები, რომლებიც შარშან ნოემბერში ჩაიგდო ხელში ქერჩის სრუტეში, 18 ნოემბერს დაუბრუნა უკრაინას.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა გემები ძალზე ცუდ მდგომარეობაში დააბრუნა.

„რუსებმა ისინი გაანადგურეს, ნათურები, ელექტროაღჭურვილობა და ტუალეტებიც კი მოხსნეს. მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ, როგორ ბარბაროსულად მოეპყრნენ მათ რუსები,“ თქვა ვორონჩენკომ 20 ნოემბერს.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინას გემები „ნორმალურ მდგომარეობაში და გამართული სანტექნიკით“ გადასცეს.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს, ხელში ჩაიგდეს ისინი და ტყვედ აიყვანეს უკრაინის 24 მეზღვაური. ინციდენტი მოხდა ქერჩის სრუტეში, რომლის გავლითაც უკრაინული ხომალდები უკრაინის პორტ მარიუპოლში შესვლას აპირებდნენ აზოვის ზღვაში.

ქერჩის სრუტე ერთადერთი გასასვლელია შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში. იგი მდებარეობს რუსეთსა და ყირიმის ნახევარ კუნძულს შორის, რომელიც 2014 წელს დაიკავა რუსეთმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG