დღეს, 8 ნოემბერს თბილისში გაიმართება სალომე ზურაბიშვილის ფონდის პრეზენტაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფონდის მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა.
ფონდის სტრატეგიულ მიმართულებებად დასახელებულია ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გაძლიერება, რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია და გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვა. პირველი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფონდი იწყებს რესურსების მოზიდვას არსებული და პოტენციური პარტნიორების მხარდაჭერით.
სალომე ზურაბიშვილი ფონდის პრეზენტაციას 17 საათზე, თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმში გამართავს. მიწვეულები არიან კერძო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.