Accessibility links

logo-print logo-print

გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომელიც ერთი მხრივ, გაფიცვის უფლების ფარგლებს და მეორე მხრივ, მისი შეზღუდვის საფუძვლებსა და პროცედურებს ადგენს.

საქმეზე მოსარჩელე მხარეა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებული მემანქანეების პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, 2018 წლის 1 მაისს 30 დღით, ხოლო 2018 წლის 18 მაისს უვადოდ შეუზღუდა გაფიცვის უფლება.

საქმე ეხებოდა თბილისის მეტროს მემანქანეების გაფიცვას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა არასამუშაო საათებში გაფიცვის ალტერნატიულ შესაძლებლობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია შრომის კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე ნორმა.

EMC მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, გაფიცვის უფლება როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო საათებში გამოხატულ პროტესტის ფორმად მოიაზრება, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული გაფიცვის უფლების ძირითად არსს. გაფიცვის კონსტიტუციური უფლების მიზანია, შესაძლებლობა მისცეს დასაქმებულს სწორედ სამუშაო საათებში, სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმით აიძულოს დამსაქმებელი, დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები.

კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით გასაჩივრებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსიც, რომლითაც შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაფიცვის აკრძალვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით.

გარდა ამისა, EMC კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს და დაცვის უფლებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლს, რომლითაც სასამართლოს აქვს უფლებამოსილება გაფიცვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მხარეებს არ შეატყობინოს და არ მისცეს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, კონსტიტუციის იმავე დებულებებს ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელზე დაყრდნობითაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წელს, კანონის/სამართლის ანალოგიით გამოიყენა არასასარჩელო წარმოების წესი და „ერთობა 2013“-ს გაფიცვის გადადების საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შეეზღუდა.

EMC-ის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაფიცვის უფლებას დაუბრუნდება მისი ლეგიტიმური შინაარსი, რაც გულისხმობს სამუშაო საათებში გაფიცვის გზით დამსაქმებელზე ზემოქმედების შესაძლებლობას და დასაქმებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მათი უფლებების დაცვისთვის ძლიერი ბერკეტის შექმნას. ასევე, გაფიცვის უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონის განჭვრეტადი ნორმების საფუძველზე და გაფიცულ დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მათი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში.

სამუშაო საათებში გაფიცვის უფლების შეზღუდვის გამო, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, 2018 წლის 3 ივნისს, კვირა დღეს გაიფიცნენ. გაფიცვა 6 ივნისს შეწყდა თბილისის მერიასთან შეთანხმების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG