Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული კინოცენტრი მხარს უჭერს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებით ჯგუფს


საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარდაჭერას უცხადებს შემოქმედებით ჯგუფს. განცხადებაში, რომელიც 8 ნოემბერს გავრცელდა, კინოცენტრი მოუწოდებს სასულიერო თუ საერო პირებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან:

„ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან და შეახსენებს მათ, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის“, - აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციით „შემოქმედებითი თავისუფლება უზრუნველყოფილია“, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“ და თავად კონსტიტუცია არის ადამიანთა თანასწორობის გარანტია:

„ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი... ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის მიხედვით, ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება.

8, 9 და 10 ნოემბერს თბილისში გაიმართება შვედურ-ქართულ-ფრანგული კინოპროდუქციის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა. ლევან ვასაძის, გურამ ფალავანდიშვილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ჰომოფობიური ჯგუფები და „ქართული მარში“ ფილმის ჩვენებას დაუშვებლად მიიჩნევენ და მის ჩაშლას აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG