რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 28 წლის ზაქრო ბუთხუზი.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „დღეს, 8 ნოემბერს ცხინვალის სასამართლომ ზაქრო ბუთხუზი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში და ჯარიმის გადახდა დააკისრა, რის შემდეგაც ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს“.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრები ზაქრო ბუთხუზი 6 ნოემბერს დააკავეს. ის ძმასთან ერთად საკუთარ ვენახში იმყოფებოდა. ქვეში ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება.
ზაქრო ბუთხუზის გასათავისუფლებლად ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.