Accessibility links

logo-print logo-print

ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი და კონგრესმენი ალექს მუნი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ ოძისში.

რესპუბლიკელ კონგრესმენებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა. მათ ამერიკელ კონგრესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების და სხვა ბარიერების აღმართვის, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელების დაკეტვით ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ. კონგრესმენებმა დურბინდებით დაათვალიერეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა.

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა თქვა, რომ აშშ არასდროს აღიარებს ოკუპაციას და რუსეთის მიერ ტერიტორიების მითვისებას. „ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის ქმედებებს და ამ ტერიტორიას, როგორც რუსეთის საკუთრებას. ეს არის საქართველოს ტერიტორია. არასდროს ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას. ასევე, გვაქვს ინფორმაცია უკანონო ბორდერიზაციის და საქართველოს მოქალაქეებისადმი არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. უკანონობაა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას, გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს რეალობაა და ჩანს, თუ როგორ უარყოფით როლს თამაშობს რუსეთი. ეს არა მარტო აქ, არამედ უკრაინაშიც ხდება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს განსხვავებას დასავლურ სამყაროსა და რუსეთს შორის. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის აქ ყოფნას არასდროს შეეგუება“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების გზა საუბარი და დისკუსიებია.

ამერიკელმა კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებული შტატების პარტნიორია და ის ნატოს წევრი უნდა გახდეს.

"ჩამოვედი, რადგან უსაფრთხოებისა და მშვიდობის პრობლემით შეშფოთებული ვარ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები დააკვირდეს და ნახოს რა ხდება. მთელმა მსოფლიომ უნდა მიაქციოს ყურადღება, იმას თუ რა ხდება აქ. მეტმა ხალხმა უნდა გაიგოს, რას აკეთებს რუსეთი და როგორ ხდება ოკუპაცია“, - განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.

ამერიკელი კონგრესმენები მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 6-7 ნოემბერს ბათუმში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG