ალექსანდრიის საპატრიარქომ - მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა საპატრიარქომ, ოფიციალურად აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ამის თაობაზე ცნობას ავრცელებს „უკრაინსკაია პრავდა“, რომელიც წყაროდ ასახელებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილის, ევსტათი ზორიას მიერ გავრცელებულ ტექსტს.
ალექანდრიის ეკლესია მესამე ეკლესიაა 14 საყოველთაოდ აღიარებულს შორის, რომელმაც უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა.
ზორიამ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ 8 ნოემბერს, საღვთო ლიტურგიის დროს, მთავარანგელოზების ტაძარში, კაიროში, ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის პატრიარქმა, თევდორე მეორემ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, ეპიფანე მოიხსენია, როგორც უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მამამთავარი.
გამოცემა „ორთოდოქს ტაიმსი“ იტყობინება, რომ ალექსანდრიის პატრიარქი თავის წერილში ალექსანდრიის ტახტის იერარქიის წევრების მიმართ, აცხადებს, რომ აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. წერილი 8 ნოემბერს გაეგზავნა ყველა მიტროპოლიტს და ეპისკოპოსს.
2018 წლის დეკემბერში უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიად გაერთიანდა მსოფლიოს მართლმადიდებლობის მიერ არაღიარებული რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია. ის უკვე აღიარეს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ და ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.
ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.