Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო ბრეგაძე: მოვითხოვთ, მშვიდობიანი დემონსტრანტები გაგვატარონ


„ქართული მარშის“ წევრები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები კინოთეატრ „ამირანთან“ დგანან.

„თხუთმეტწუთიან ვადა ვაძლევთ, რომ პოლიციამაც, სამართალდამცავმა ორგანოებმაც განახორციელონ ჩვენი უფლებების დაცვა და აბსოლუტურად მშვიდობიანად, მშვიდობიანი დემონსტრანტები გაგვატარონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ქმედება, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ეს იქნება არაკანონიერი, ეს იქნება სამართალდარღვევა, ეს იქნება კონსტიტუციის უხეში დარღვევა. და ამას ჩვენ არავის არ ვაპატიებთ.

თხუთმეტწუთიანი ვადა აქვთ. ჩვენც ვიძლევით ჩვენის მხრივ გარანტიას, რომ ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მშვიდობიანები და არავის არაფერს არ დავუშავებთ“, - განაცხადა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ. მათ მიერ პოლიციისთვის მიცემული ვადა უკვე ამოიწურა.

კინოთეატრ „ამირანთან“ და მის გარშემო პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

შსს-ში აცხადებენ, რომ უწყება უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG