Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ "ამირანთან“ ორი პირი დააკავა


ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ადგილზე აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკაც გამოიყენეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები მოთხოვნას არ ემორჩილებიან, პერიოდულად მაშხალებს ისვრიან, სკანდირებენ „სირცხვილი, სირცხვილი“ და „საქართველო, საქართველო“ და კინოთეატრთან მყოფი პოლიციელების კორდონის გარღვევას ცდილობენ.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

შსს-ში აცხადებენ, რომ უწყება უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG