Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით მცირერიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა


საპროტესტო აქცია ალმათიში
საპროტესტო აქცია ალმათიში

9 ნოემბერს ყაზახეთის ორ მთავარ ქალაქებში, ალმათისა და ნურ სულთანში, ქუჩებში რამდენიმე ასეული აქტივისტი გამოვიდა დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით.

მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: „გამოფხიზლდით“ და „ლაპარაკისთვის ნებართვა არ მჭირდება“.

იუწყებიან, რომ არასანქცირებულ თავყრილობას პოლიცია მშვიდად ადევნებდა თვალს.

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში რესპუბლიკური მოძრაობის ინიციატივით რამდენიმე ათეული კაცი შეიკრიბა ცენტრალურ პარკში, სადაც აქტივისტები ითხოვდნენ დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას.

ყაზახეთში მარტში ხელისუფლება შეიცვალა. ქვეყნის მრავალწლიანმა ლიდერმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, პრეზიდენტის პოსტი დატოვა და მის მემკვიდრედ დასახელდა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელიც 9 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით ოფიციალურად გახდა ქვეყნის ერთმმართველი ლიდერი.

უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ უკიდურესად ნეგატიურად ახასიათებს ყაზახეთში შექმნილ ვითარებას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

ქვეყანაში აკრძალულია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG