Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში არჩევნების შედეგად გაძლიერდნენ ულტრამემარჯვენე და რეგიონული პარტიები


პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი
პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი

ესპანეთში დასასრულს უახლოვდება კვირას გამართული ვადამდელი არჩევნების დროს გამოყენებული ბიულეტენების დათვლა, რომლის წინასწარი შედეგების თანახმად, კვლავ გაჭირდება კოალიციის ფორმირება.

აპრილის არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც ლიდერობს პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტია“, მაგრამ სოციალისტები 350-კაციან ქვედა პალატაში, სავარაუდოდ, მხოლოდ 120 მანდატს მიიღებენ. რამდენადმე გაძლიერდა სოციალისტების ოპონენტების - „კონსერვატიული პარტიისა“ და, განსაკუთრებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ („ხმა“) პოზიციები.

ესპანელი კონსერვატორები მომავალ პარლამენტში 87 მანდატს მოიპოვებენ. ულტრამემარჯვენეებმა კი გააორმაგეს წინა შედეგი და 24-ის ნაცვლად, 52 ადგილს დაიკავებენ.

ესპანელ ულტრამემარჯვენეებს წარმატება უკვე მიულოცეს სხვა ევროპული ქვეყნების პოპულისტმა ლიდერებმა - მარინ ლე პენმა, მატეო სალვინიმ და სხვებმა.

ულტრამემარჯვენე „პოდემოს“ პარლამენტის ქვედა პალატაში წარმოდგენილი იქნება 35 დეპუტატით. კვირას სრული კრახი განიცადა ლიბერალურმა პარტია „მოქალაქემ“, რომელიც სულ 10 მანდატს მიიღებს.

ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს ასევე კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა, რომლებმაც ამ რეგიონიდან ყველაზე მეტი საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს. ვადამდელი არჩევნები ასევე წარმატებული აღმოჩნდა რეგიონული პარტიებისთვის ბასკეთისა და ტერუელის რეგიონებში.

სოციალისტების ლიდერმა პედრო სანჩესმა არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ შეეცდება კოალიციური მთავრობის ფორმირებას და მოუწოდა ოპონენტებს „ვითარების განმუხტვისკენ“. სანჩესი შეეცდება მოლაპარაკებას როგორც ულტრამემარცხენეებთან, ისე რეგიონულ პარტიებთან, რაც, კომენტატორების შეფასებით, საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კატალონიაში ცოტა ხნის წინ მომხდარი ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე.

XS
SM
MD
LG