თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის განცხადებით, ადვოკატმა სასამართლოს გუშინ მიმართა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
მოსამართლის განმარტებითვე, უცნობია, თუ როდის შეძლებს ადვოკატი სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც, ირაკლი ოქრუაშვილს იმავე ბიუროდან სავალდებულო წესით სხვა ადვოკატი დაენიშნება.
რაც შეეხება თავად ირაკლი ოქრუაშვილს, ის არც ამჯერად გამოცხადებულა სხდომაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ მას არ სურს პროცესებზე დასწრება.
სასამართლო პროცესი წინა ჯერზეც გადაიდო,ირაკლი ოქრიაშვილის მოთხოვნით. პენიტენციარული დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებდა, რომ ადვოკატის აყვანა სურდა.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა, რომელიც ოქრუაშვილს სავალდებულო წესით იცავს, გასულ პროცესზე თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობაში ადვოკატმა ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილი უარს აცხადებდა სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მომსახურებაზე.
ადვოკატის თვითაცილების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ და განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პროცესზე გამოცხადებას თავს არიდებს. ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები რამდენიმე სხდომის წინ აიცილა.
ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება.
ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს, პარლამენტთან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.
ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ირაკლი ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.