Accessibility links

ირაკლი შიოლაშვილი პროპორციული არჩევნების მხარდაჭერის შემთხვევაში უმრავლესობას დატოვებს


ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი და იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დაუჭერს მაინც ამ კანონპროექტს მხარს, მე დავტოვებ უმრავლესობას, - განაცხადა სიღნაღი- დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. შიოლაშვილის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომა საკმაოდ მძიმედ წარიმართა. იმ დეპუტატებს, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგებიან პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არ მისცა საშუალება საკითხი სარეიტინგო კენჭისყრაზე დაეყენებინათ.

„ჩვენი გვინდოდა, რომ გამოჩენილიყო რამდენია ისეთი დეპუტატი, რომელიც ფიქრობს ჩვენნაირად და დამდგარიყო ეს სარეიტინგო კენჭისყრაზე, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა ამის საშუალება.

ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი, ეს არ არის კონკრეტულ სოციუმზე გათვლილი კანონპროექტი, ეს არის მომავლის განმსაზღვრელი კანონპროექტი, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა იცხოვროს ჩვენმა სახელმწიფომ და როგორი სტაბილური იქნება ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი და იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დაუჭერს მაინც ამ კანონპროექტს მხარს, მე დავტოვებ უმრავლესობას“, - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

მისი სიტყვებით, შეთანხმება და სიტუაცია, რომელიც კანონპროექტის შემუშავებისას იდგა იყო განსხვავებული და დღეს ეს ვითარება შეცვლილია. წინააღმდეგობაც ამან გამოიწვია.

„როდესაც კანონპროექტი მუშავდებოდა არსებული შეთანხმება იყო აბსოლუტურად სხვა, მათ შორის ოპოზიციასთან, რაც ჩვენ გვითხრეს, და რატომაც მივიღეთ ეს რეალობა. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში აბსოლუტურად შეიცვალა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა“,- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG