Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა ოქრიაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა


პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლის მცდელობა იყო გარკვეულ დეპუტატებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძეზე განხორციელდა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ის აქტიურობდა და „მასზე წავიდა მთელი აგრესია“.

თავად კახა ოქრიაშვილი იმავე გადაწყვეტილებაზე რჩება და ამბობს, რომ რადგან უშუალოდ პარტიის წევრი არ არის, მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

„ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. მომხრეებიც მრავლად არიან, მაგრამ, მაგალითად, ოთარ ჩრდილელმა, რომელიც არ არის მაჟორიტარი დეპუტატი, დააფიქსირა, რომ არ არის მომხრე ამ სისტემაზე გადასვლის. დაახლოებით, როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა ახალ საარჩევნო სისტემას, უფრო სწორად, მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG