Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხური ორგანიზაცია "ადამიანი გასაჭირში" რუსეთმა არასასურველთა სიაში შეიტანა


შიმონ პანეკი
შიმონ პანეკი

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, „ადამიანი გასაჭირში“ (People in Need) რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეიტანა ისეთ ორგანიზაციათა სიაში, რომელთა საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად ითვლება.

სამინისტროს საიტზე 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ეს გადაწყვეტილება 7 ნოემბერს იქნა მიღებული.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, ორგანიზაციამ „ადამიანი გასაჭირში“ განაცხადა, რომ დროებით შეაჩერებს საქმიანობას რუსეთში, რათა არ შეუქმნას პრობლემები რუს პარტნიორებს.

„ვლადიმირ პუტინს სურს რკინის ხელით მართოს რუსეთი. რუსეთის ბევრ მოქალაქეს არ სურს ამასთან შეგუება და ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ რუსეთში უკეთესად ეცხოვრებოდეთ. ჩვენ მათ ვეხმარებით ამაში“, - ნათქვამია ორგანიზაციის „ადამიანი გასაჭირში“ ფეისბუკის გვერდზე.

იგი გახდა მე-19 ორგანიზაცია, რომელიც რუსეთმა არასასურველთა სიაში შეიყვანა.

ივლისში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council of the United States) საქმიანობა მიიჩნია არასასურველად რუსეთის ტერიტორიაზე.

ამ სიაში შედიან ასევე „ღია რუსეთი“, „თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტი“, ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“ და „უკრაინელთა მსოფლიო კონგრესი“.

ჩეხურ ორგანიზაციას „ადამიანი გასაჭირში“ (PIN), რომელსაც სათავეში უდგას ვაცლავ ჰაველის თანამებრძოლი, შიმონ პანეკი, რამდენიმე სოციალური პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG