Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში მარტოხელა მოხუცებს სპეციალურად აღჭურვილი ავტომანქანა მოემსახურება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო ახალი პროექტის, „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის“, განხორციელება. დღეიდან სპეციალური ავტომანქანა, რომელიც აღჭურვილია სარეცხი მანქანით, ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებებით, ასევე საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარით, პროექტით მოსარგებლე ხანდაზმულებს ეწვევა.

სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ის მარტოხელა მოხუცები წარმოადგენენ, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუალება მოიწესრიგონ საცხოვრებელი გარემო-პირობები.

„ახალი პროექტია. არასამთავრობოების მხარდაჭერით კეთდება. ისინი შემოვიდნენ 18 ათასი ლარით, ჩვენ კი 6 ათას ლარამდე თანადაფინანსებით შემოვედით. მოემსახურება 30 ბენეფიციარს“, - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლაშა გოგია.

გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, გოგი რევიას, განცხადებით, პირველ ეტაპზე წინასწარ ადგილზე მისვლის პრინციპით შეირჩა 30 ხანდაზმული და 4 000 ლარად შეიძინეს მიკროავტობუსი, რომლის აღჭურვაშიც სხვადასხვა ორგანიზაციამ თუ კერძო პირმა უსასყიდლოდაც მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ ყველა ოჯახში ვიმყოფებოდით. რა საჭიროებებია, უკვე დაზუსტებულია. შესაბამისი გრაფიკის მიხედვით დავივლით ყველა ოჯახს. რამდენიმე ვიზიტი იქნება და იმ მომსახურებას გავუწევთ, რაც საჭიროა მათთვის“, - განაცხადა გოგი რევიამ.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა, დამლაგებელთა და ახალგაზრდა მოხალისეთა მობილური ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა მოხუცებს მოუწესრიგებენ საცხოვრებელ გარემოს, კარ-მიდამოს, იზრუნებენ მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.

პროექტს მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გასაჭირში“ (PIN) მხარდაჭერით. ის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

„ეს იქნება ავტომობილი, რომელშიც იქნება დამონტაჟებული სარეცხი მანქანა, ასევე სამეურნეო საჭიროებებისთვის სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა, რაც მისცემს მათ საშუალებას გაიუმჯობესონ თავიანთი საცხოვრებელი პირობები“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ნანა ყურაშვილი.

„ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის“ ხანგრძლივობა 7 თვეა, თუმცა, როგორც გამგებელმა ლაშა გოგიამ განაცხადა, მას მომავალში გამგეობა გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG