Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილმა მთელ საზოგადოებას გააწნა სილა


ნიკა მელია
ნიკა მელია

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას გააწნა სილა და უთხრა, რომ „ხართ არარაობა“.

„ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს და აუცილებლად კონსულტაციები გაიმართება და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

მედიის შეკითხვას, დაიწყებს თუ არა ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციებს, მელიამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი და დროში გაწელილი ეპოპეა. მალე უნდა დასრულდეს“.

„სიმართლე არის ჩვენ მხარეს და შესაბამისად, საზოგადოებამ, რომელიც მართალი პოზიციით არის აღჭურვილი, როგორ შეიძლება თვალი გაუსწოროს ამ უნამუსობას. მაშინ შევთანხმდეთ, რომ ამ ადამიანის არის თბილისიც, საქართველოც და რასაც უნდა აკეთებს და ნამდვილი ფეოდალია“, - განაცხადა ნიკა მაელიამ.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG