Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან გაშლილ კარვებზე ვარდები გამოფინეს


საქართველოს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებზე ვარდები გამოფინეს. საპროტესტო აქციის მონაწილის, სამოქალაქო აქტივისტ სალომე ბარკერის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ მიიტანა ვარდები და რატომ.

15 ნოემბერს დილით, პარლამენტის წინ 7 კარავი დგას. ერთ-ერთ მათგანში ღამე გაათენა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ხაბაზმა. მისი ინფორმაციით, კარვები გაშალეს როგორც პარტიებმა, ისე სამოქალაქო აქტივისტებმა. „ვარდი რას შეიძლება ნიშნავდეს? ნიშნავს ერთს, რომ ჩვენ ვართ ვარდების თაობა, ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც საქართველო სიბნელიდან და წუმპიდან ამოიყვანა და ჩვენ ვართ ძალა, რომელიც საქართველოს განვითარების სწორ გზაზე დააყენებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კობა ხაბაზმა.

ვარდები საქართველოში 2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუციის სიმბოლოა. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ 2003 წელს დაწყებული საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე კარვები 2019 წლის 14 ნოემბერს, ღამით გაშალეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, "ქართული ოცნების" უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ ხალხის მოტყუებაში და მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს.

XS
SM
MD
LG