Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი პარტიულ თანამდებობებსაც ტოვებს


თამარ ჩუგოშვილი (2018 წლის ფოტო)
თამარ ჩუგოშვილი (2018 წლის ფოტო)

საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი ტოვებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნის თანამდებობას და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობასაც.

„დანარჩენი, ვთქვათ, როგორი იქნება ჩემი ურთიერთობა ჩემს, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ გუნდთან, ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდები. ჩემი პოზიცია არცერთ შემთხვევაში არ არის, და არც ჩემი კოლეგების, და ჩვენი მიზანი არ ყოფილა ის, რომ ხელი შევუწყოთ რაიმე პროცესს, რომელიც შეიძლება ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის მომტანი იყოს. არავითარ შემთხვევაში, მსგავს პროცესებში მონაწილეობას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ პირველ რიგში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მერე უკვე პარტიული თუ პირადი“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. შეკითხვას, აპირებს თუ არა შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ დღეს შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრი იყო, დანარჩენი დეპუტატები კი, ფრაქცია „ქართული ოცნების“.

დღეს, 15 ნოემბერს, მედიასთან საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ უმრავლესობიდან გასულ სხვა დეპუტატებთან ერთად ახალი ფრაქციის შექმნა უკვე გადაწყვიტა: „არცერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია“.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG