Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარცელი: მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს


კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. საუბარი შეეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნას პარლამენტის 14 ნოემბრის კენჭისყრაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა განაცხადა, რომ დისკუსიებს მმართველი პარტიის ლიდერების გარდა, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართავს:

„მე გუშინაც ვთქვი, რომ შეშფოთებული ვარ, რადგან პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტიებს შორის და გააჩენდა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს. ეს კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემ მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა.

დღეს მე მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს. ვისაუბრე სპიკერსა და პარტიის თავმჯდომარესთან, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციასთან და სხვებთან“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შეხვედრამდე კარლ ჰარცელი შეხვდა ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული სიტუაცია განიხილეს.

როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური იტყობინება, ყურადღება დაეთმო ეუთოს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს. პრესცენტრის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდება.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG