Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან იმატა სპეცრაზმელებისა და პოლიციელთა რაოდენობამ


პარლამენტის ეზოსა და შენობაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. საპროტესტო აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციელებით სავსე ყვითელი ავტობუსებიც მიიყვანეს.

„მთავარი არხის“ ცნობით, პარლამენტის შენობაში იარაღიც შეიტანეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, სამართალდამცავების მობილიზება უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია - ასე იყო წინა აქციების დროსაც. პრესსამსახურის ცნობით, პოლიციელები და სპეცრაზმელები შენობაში საკუთარი ეკიპირებით შედიან.

საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის წინ 15.00 საათზეა დაგეგმილი. მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები პუშკინის სკვერიდან და ოპერიდან დაიძვრებიან და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებენ: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა.

საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი.

XS
SM
MD
LG