Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა დიღმელაშვილი: მოდით, დავიწყოთ უხერხული სიმართლეებით


შოთა დიღმელაშვილი
შოთა დიღმელაშვილი

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მისი მონაწილეებისადმი სამოქალაქო აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის მიმართვით დაიწყო: „მოდით დავიწყოთ მადლობით, მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გადაწყვიტა, რომ მოკავშირეებში მტრების ძიების ნაცვლად, თუნდაც მტრებში ეძიონ მოკავშირეები. მადლობა თითოულ თქვენგანს, ვინც გაიზიარა აზრი „ერთად ერთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა. მან განაცხადა, რომ ურთიერთობების „უხერხული სიმართლეებით“ დაწყების დროა.

„ვუთხრათ ერთმანეთს უხერხული სიმართლე.. ხო ყველას აქ ყველა არ უყვარს, მერე რაა, სხვანაირად არაბუნებრივიც იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო ჩვენებურად და აქ, რუსთაველზე, მიზიდულობის ცენტრი არის არა ერთმანეთი, არამედ საქართველო. იმიტომ რომ საქართველოს გული დღეს ფეთქავს აქ და თუ შეწყვიტა მან ფეთქვა, თუ არ მოვიდა ხალხი, როგორც სისხლი არ მოაწვა ამ გულს და არ ამუშავა ეს გული, მაშინ ეს გული გაჩერდება, მაშინ ჩვენს სახელმწიფოს მიიტაცებენ“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

დღეს, 17 ნოემბერს, 15 საათზე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას მართავენ.

საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებენ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელზეც პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გეგმა ოთხპუნქტიანია.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

XS
SM
MD
LG