Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სისტემის პრობლემები და საჯარო სექტორის არაეფექტურობა


ავტორი: გური გეწაძე

როგორც წესი, იშვიათია, რომ მასშტაბურ საზოგადოებრივ საკითხს ან პრობლემას ერთი ნათელი ახსნა ან პასუხი ჰქონდეს. სამყარო შავ-თეთრი არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს პრინციპებსა და კონტექსტზე, ანუ იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ბევრ პოლიტიკურ საკითხზე მსჯელობა ფილოსოფიიდან და ეთიკიდან უნდა დავიწყოთ, მათ თავს ვერ ავარიდებთ. სწორედ ასეთია განათლებაც, რომლის შესახებაც მე ვფიქრობ, რომ იდეალურ ვარიანტში, ის უფასო არ უნდა იყოს; არამედ, კონკურენციისთვის გახსნილი და ღია.

რომ გავიაზროთ ეს კონცეფცია, ჯერ უნდა განვმარტოთ რას ნიშნავს სიტყვა “უფასო”. თუ ჩვენ რაიმე სერვისს ვიღებთ უფასოდ, არსებობს ორი შემთხვევა: მომწოდებლები არიან მონები, ან გადასახადების გადამხდელები ერთობლივად აფინანსებენ ამ საზოგადოებრივ მომსახურებას — მაგალითად, განათლებას. რა თქმა უნდა, დღესდღეობით მეორე ვარიანტი უფრო ხშირია. საჯარო განათლების ძირითადი პრინციპი სწორედ ამაში მდგომარეობს — ადამიანები სხვადასხვა სახის გადასახადის სახით იხდიან ფულს, შემდეგ კი მთავრობა გამოყოფს გარკვეულ თანხებს საზოგადოების გარკვეული საჭიროებებისთვის.

პირველ რიგში, მე მინდა დავსვა ასეთი შეკითხვა: რამდენად გამართლებულია ზოგადად გადასახადის იდეა? როგორც აღვნიშნე, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის მექანიზმი ადამიანებს ძალადობრივად ართმევს საკუთარ ფულს. ეს ნიშნავს, რომ საკუთრების რაღაც ნაწილი ხმარდება ისეთი სერვისის დაფინანსებას, რომელიც მე შეიძლება საერთოდაც არ მომწონდეს და არ მინდოდეს გამოყენება, ან არც კი ვიყენებდე. წარმოვიდგინოთ ასეთი დილემა: ქურდებმა რომ ადამიანი გაძარცვონ, ცალსახად არასწორია — ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ მათი ეს ქმედება ისევ გაუმართლებელი იქნება თუ არა იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაზარალებულს ველოსიპედს უყიდიან და ფულის ნაწილს თავისთვის დაიტოვებენ? ან თუ ისინი მთელი ნაძარცვით მსხვერპლსაც და კიდევ სხვა ადამიანსაც უყიდიან ველოსიპედს? ეს რომ განათლების კონტექსტში განვიხილოთ, შეკითხვას მე ასე ჩამოვაყალიბებდი — რამდენად მისაღები იქნება ჩემი საქციელი, თუ ბავშვის მშობელს ფულს წავართმევ, სანაცვლოდ კი ჩემ მიერ შერჩეული გაკვეთილების ჩატარებას შევთავაზებ ისე, რომ მას ამ პროცესის წარმართვაში არანაირი სიტყვა არ ექნება. სწორედ ასეთია ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, ოღონდ მთელ მოსახლეობაზე. მე-20 საუკუნის ცნობილი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი სწორედ მთავრობის პატერნალიზმს, ანუ მომვლელის ფუნქციას აკრიტიკებდა, როცა ამბობდა, რომ სახელმწიფოს ზედმეტად დიდი როლი უკავია მოსწავლეების განათლების განკარგვაში და ეს ძალაუფლება ძირითადად მშობლებზე უნდა გადავიდეს. ამას მივყავართ ჩემს მეორე არგუმენტამდე.

სახელმწიფოს მიერ სერვისის მიწოდების თავის თავზე აღებას თავისი სახელი ჰქვია და მას ძალადობრივი მონოპოლია ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია თითქმის არ არსებობს და ინდუსტრიის დიდი წილი საჯარო სექტორშია ცენტრალიზებულად განთავსებული — ეს განმარტება იდეალურად მიესადაგება საქართველოს განათლების სისტემასაც. თუკი კონკურენცია არ არსებობს, უმეტესწილად ხარისხი დაბალია ან ფასია მაღალი. თავისუფლება შეზღუდულია — მომხმარებლებს არ აქვთ საშუალება, აირჩიონ ისეთი (განათლების) სერვისი, როგორიც მათ უნდათ. დიახ, მოსწავლე რეალურად მომხმარებელია, რომელსაც მომსახურებას სკოლა უწევს. ამ ფაქტთან შეუთანხმებლობა იწვევს იმას, რაცაა დღეს საქართველოს განათლება — თითქმის ყველა საჯარო სკოლა ფუნდამენტურად ერთნაირია, მათ შორის არანაირი კონკურენცია არაა, რადგან მათ ეს არაფერში სჭირდებათ; იციან, რომ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ და მიჰყვებიან ‘დინებას’. ასეთია უფასო განათლების არასწორი იმპლემენტაციის შედეგი ჩვენს ქვეყანაში. მილტონ ფრიდმანის შვილი, დევიდ ფრიდმანი, ამბობდა, რომ განათლება მართლაც მნიშვნელოვანია, თანაც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ის მთავრობას ნამდვილად არ უნდა მივანდოთ. მე მას ვეთანხმები. ჩემი ცხოვრების თორმეტი წელი საჯარო სკოლაში დავხარჯე და დავასკვენი, რომ გარკვეული თავისუფლების გარეშე განათლების სისტემაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ყველაზე დიდი თავისუფლება კი მაშინ მიიღწევა, როდესაც განათლებაში სახელმწიფოს როლი ან ნული იქნება, ან სხვა კონკურენტებს არანაირი ბარიერს არ შეუქმნის.

სრული თავისუფლების იდეის მთავარი და ალბათ, ყველაზე პოპულარული კონტრარგუმენტი არის ის, რომ პრაქტიკაში ასეთი რამ არ გვინახავს; შესაბამისად, სარისკოა და არ ღირს. საჯარო სექტორის მიერ ინდუსტრიის დომინირება კი ხშირია და უფასო განათლების უამრავი მაგალითი არსებობს— რამდენიმე მათგანი კი კარგად მუშაობს. შესაბამისად, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ უფასო განათლება ნებისმიერ შემთხვევაში არაეფექტურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ქვეყნების(მაგ: ფინეთი, დანია) ამ ინდუსტრიაში თავისუფლებისა და დეცენტრალიზაციის ბევრი ელემენტია შეტანილი — სკოლების ავტონომია, საგნების არჩევადობა და ასე შემდეგ. ამას ემატება უმნიშვნელოვანესი რამ: ნაყოფიერი კონკურენცია საჯარო და კერძო მომწოდებლებს შორის.

საბოლოოდ, მე ვიტყოდი, რომ “უფასოობის” იდეა არ მიზიდავს. მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო ამას ზედმეტად უხარისხოდ აკეთებს. ჩვენს კონტექსტში, ანუ ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემის პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს სკოლებისთვის ავტონომიის მიცემით, მოსწავლეებისთვის საგნების არჩევაში თავისუფლების მინიჭებითა და ეროვნული სასწავლო გეგმის რეკომენდაციად გადაქცევით. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, თუ ფილოსოფიას გვერდით გადავდებთ, გამართლებული იქნება საქართველოს “უფასო განათლება”. მანამდე, ფასიანი იქნება თუ არა სკოლები — დიდი აზრი არ აქვს. შეუძლებელია, რომ ასეთ სისტემაში კერძო სკოლებს მკაფიო და აღსანიშნავი დადებითი შედეგი ჰქონდეთ. მე მგონია, რომ საზოგადოების საბოლოო მიზანი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანი განათლების სერვისის შექმნა (რომელიც, ბუნებრივია, ფასიანი იქნება — იარსებებს იაფიც და ძვირიც). ამას კი, ჩემი აზრით, მხოლოდ სახელმწიფო ვერასდროს შეძლებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG