ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე რუსთაველზე მიმდინარე აქციის პარალელურად განცხადებას ავრცელებს და აქციის დაშლისას დაზარალებულებს თავის შესაფარებლად ბიბლიოთეკის შენობას სთავაზობს.
"აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის", - წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.
რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმი შლის აქციას, რომელიც პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო წესის ცვლილებას და მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ისახავდა მიზნად.
აქციის დაშლისას დააკავეს რამდენიმე პოლიტიკოსი და აქტივისტი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რუსთაველზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.