Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: მსგავსი ქმედებებისას პოლიცია გააკეთებს იგივეს


უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებებისას, შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლას.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ და ამაზე პასუხისმგებლობას თავადაც იღებს.

„სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, მეორდება ეს კითხვა ჩემთან მიმართებით, თუ ვინ გასცა ბრძანება. ადრე, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს არის, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, აქცია და პიკეტირება პარლამენტის ფუნქციონირებას უქმნიდა საფრთხეს.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული და თქვენ გახსოვთ, რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდგომ, რაც რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული, ბლოკირებული იყო პარლამენტის შენობა, პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტს და ხალხის არჩეულ დეპუტატებს, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ და რაც გააკეთეს, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებებისას, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს. გადაკეტილი ქუჩები ჩვენ ბევრ მოქალაქეს უქმნის პრობლემას, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში კანონის ფარგლებში არის დაცული და არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG