საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს.
ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ, 19 ნოემბერს, ცხინვალში შეხვდნენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანის და თანათავმჯდომარეების შეხვედრის მთავარი თემა იყო უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე გამწვავებული ვითარება.
დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების და გატაცების პრაქტიკის შეწყვეტა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმების მიერ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირების მიუღებლობას და საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ კრიზისულ ვითარებას. ზალკალიანის თქმით, ახალგორის რაიონში მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
თავის მხრივ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ყველა ღონეს ხმარობენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე ვითარების განმუხტვისა და პრობლემების გადაჭრისათვის.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.