Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად


20 ნოემბერს ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. წინასწარი მონაცემებით, „არ დასტურდება, რომ ეს მოხდა მოწინააღმდეგის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად“. ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთში აშშ-ის სამხდრო სარდლობის განცხადებაში, რომელშიც სხვა დეტალებზე არ არის საუბარი.

ამერიკული შვეულფრენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლოგარის პროვინციაში გაანადგურეს შვეულმფრენი და დახოცეს ეკიპაჟის ყველა წევრი.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ სიცრუე უწოდა თალიბანის ინფორმაციას და ასევე უარყო ავღანელი ჯარისკაცების დაშავების შესახებ ექსტრემისტული წყაროებით გავრცელებული ცნობები.

სათანადო მტკიცებულებების გარეშე, ავღანეთში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება ხშირად იღებს პასუხისმგებლობას შვეულმფრენებისა და დრონების ჩამოგდებაზე.

წლის დასაწყისიდან ავღანეთში 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხედრო ამოცანების შესრულების დროს.

პენტაგონის ცნობით, დღეისათვის ავღანეთში დაახლოებით 13 ათასი ჯარისკაცი იმყოფება ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარადჭერის“ ოპერაციაში.

XS
SM
MD
LG