Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონის ფარგლებში მოქმედება


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ კანონიერი ფორმებით გამოხატული პროტესტი სრულიად ლეგიტიმურია და ყველას აქვს უფლება, თავისი განწყობა ჰქონდეს, თუმცა, კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან.

„კარების აჭედვა, ბოქლომის დადება და ასე შემდგომ, კანონით დაცული ფორმები პროტესტის არ არის. კანონის ფარგლებში რომ ჯდებოდეს ყველაფერი ყველას მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მე ეს მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვისწავლოთ კანონის ფარგლებში მოქმედება ყველამ“, - უთხრა დღეს 20 ნოემბერს, პარლამენტში ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

მედიის შეკითხვას, იყო თუ არა 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლა ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება, ჩუგოშვილმა უპასუხა: „რისი დემონსტრირება იყო, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ძალიან ცუდი საყურებელი იყო, ეს შემიძლია გითხრათ. ძალიან დასანანია, რომ პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებების და პოლიტიკოსების შეცდომების გამო პოლიციის, სპეცნაზის გამოყენება რომ ხდება საჭირო ქვეყანაში. მე ეს მგონია სამწუხარო. და წლებია უკვე, რამდენჯერ უნდა მოხდეს და რამდენჯერ უნდა გავიაროთ ეს პროცესი. მე მგონია, რომ პოლიტიკოსებმა ისე უნდა მოახერხონ მუშაობა და ერთმანეთთან შეთანხმება, რომ არ იყოს საჭირო მოქალაქეების და პოლიციის ერთმანეთთან დაპირისპირება“.

თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ 8 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს, მას შემდეგ დატოვეს, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.

პარლამენტის უარის გამო, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების მიერ იმავე დღეს დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 17 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს და ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

18 ნოემბერს საღამოს, საპოლიციო ძალებმა პარლამენტის პიკეტირების აქცია დაშალეს. შსს-მ საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას 26 ნოემბერსაც აპირებენ. ამ დღეს პლენარული სხდომაა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG