Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად კონკრეტული დავალება მისცა, ეროვნულ ბანკს კი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

დღეს, 21 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ კვლავ განაცხადა, რომ უახლოესი წლების ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნაა: „ყველაფერი ის, თუ რა ხდება ჩვენს სოციალურ, ან პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან ჩვენ განზომილებაზე ცხოვრების, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება“.

პრემიერ-მინისტრ გახარიას თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ მოქალაქეების და ქვეყნის განვითარებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

„ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი“, - განცხადა გიორგი გახარიამ. მან ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დაავალა განიხილოს და მომავალ სხდომაზე წარმოადგინოს, თუ რამდენად არის შესაძლებელი უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე დაწესებული ზღვრის შემცირება 200 ათასიდან 100 ათას ლარამდე.

პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გახარიას განცხადებით, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად კოორდინირებულად უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის ზღვრული ნორმა, რომელიც წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა.

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შემოსავლების სამსახურს: „სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“.

XS
SM
MD
LG