გაურკვეველი დროით გადაიდო ანტისამთავრობო აქციისა და პარლამენტის პიკეტის დაშლის დროს დაკავებული 25 ადამიანის სასამართლო პროცესები, რომლებიც დღეს, 21 ნოემბერს იყო ჩანიშნული.
ბრალდებულებს 20 ნოემბერს გვიან ღამით, 1-2 საათზე შეატყობინეს, რომ მათი პროცესები დილით ჩატარდებოდა. საბოლოოდ კი უთხრეს, რომ მოსამართლე ახლა სხვა საქმეები აქვს განსახილველი.
"მოსამართლისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ სხვა საქმეების განხილვა მოუწევდა", - ამბობს საია-ს იურისტი, ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლებასთან და აგრძელებს: "ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გადმოიტანეს გუშინ ჩანიშნული საქმეების დღეისთვის, თუ მოსამართლე მაინც ვერ შეძლებდა ამ საქმეების განხილვას".
18 ნოემბერს დაკავებული 37 ადამიანის საქმეს - რომელთაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან - ერთი მოსამართლე, ვალერიანე ფილიშვილი განიხილავს.
37 ბრალდებულიდან 12-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა 20 ნოემბერს გვიან ღამით. 10 აქტივისტს - მათ შორის, გიგა მაქარაშვილს, ზუკა ბერძენიშვილსა და ბექა ბასილაიას - პატიმრობა შეეფარდათ, ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, კიდევ ერთს 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
დაწერეთ კომენტარი