Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები: დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები დარღვევებით ჩატარდა


არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს. განცხადებაში, რომელსაც 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, ჩამოთვლილია ისეთი დარღვევები და შეუსაბამოებები, როგორებიცაა 37 საქმის ერთი მოსამართლისთვის მიწერა, ადვოკატებისათვის მიცემული არაგონივრულად მცირე დრო, მტკიცებულებების არარსებობა და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლო პროცესი პოლიტიზირებული იყო. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“.

რაც შეეხება სასჯელების ლოგიკას, არასამთავრობოები ტენდენციაზე დაკვირვებით ასკვნიან, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც ასევე 25 ნოემბრის აქციაშიც აქტიურად იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იყო გამოყენებული.

"საქმეში მტკიცებულებების პრაქტიკულად არარსებობის ფონზე, სასამართლომ 20 ნოემბერს 12-ვე დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა:

  1. გიგა მაქარაშვილი - პატიმრობა 12 დღე.
  2. ბექა ბასილაია - პატიმრობა 13 დღე.
  3. ელგუჯა ბაგრატიონი - პატიმრობა 12 დღე.
  4. ზუკა ბერძენიშვილი - პატიმრობა 7 დღე.
  5. ირაკლი კაჭარავა - პატიმრობა 4 დღე;
  6. დავით მჟავანაძე - პატიმრობა 4 დღე.
  7. ირაკლი ნადირაძე - პატიმრობა 13 დღე.
  8. დიმიტრი ბიძინაშვილი - პატიმრობა 3 დღე.
  9. გიორგი ბუნტური - პატიმრობა 5 დღე.
  10. ლუკა ჭიჭინაძე - პატიმრობა 5 დღე.
  11. პაატა სოსანაშვილი - სიტყვიერი შენიშვნა.
  12. გურამ მჭედლიშვილი - ჯარიმა 1000 ლარი".

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პარტიას და მათ ლიდერს შეწყვიტოს აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე.

სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან 10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG