Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინიმ დაგმო იდლიბში სირიისა და რუსეთის ძალების მიერ სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ დაგმო სირიაში მთავრობისა და რუსეთის ძალების მიერ სამოქალაქო პირებზე თავდასხმა და მას „მიუღებელი“ უწოდა.

„ბოლო თავდასხმა იძულებით გადაადგილებული პირების ბანაკზე და სამედიცინო ობიექტის დაბომბვა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვისაა მნიშვნელოვანი, სამწუხარო გამწვავებაა ისედაც მძიმე ვითარებაში“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ 22 ნოემბერს. განცხადებაში წერია, რომ ამგვარი იერიშები მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სამეთვალყურეო ცენტრი ლონდონიდან იტყობინება, რომ იდლიბში 20 ნოემბრის თავდასხმის დროს 21 სამოქალაქო პირი, მათ შორის, 10 ბავშვი იქნა მოკლული.
თავდასხმა დაგმო აშშ-მა.

უფრო ადრე, 8 ნოემბერს, გაეროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რუპერტ კორვილმა განაცხადა, რომ გასულ ექვს თვეში 60 სამედიცინო ობიექტზე მოხდა თავდასხმა იდლიბის პროვინციაში. მისი თქმით, ჩანს, მთავრობამ განზრახ აირჩია თავდასხმის სამიზნედ ეს ობიექტები.

რუსეთმა უარყო სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა და განაცხადა, რომ მისი ძალები ფოკუსირებული არიან დევნილების დახმარებაზე, რომლებსაც შინ დაბრუნება სურთ.

რუსეთი და ირანი მხარდაჭერას უწევენ სირიის მთავრობას ომში, რომელიც 2001 წლის ამბოხებების შემდეგ გაჩაღდა და დღემდე 400 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ და თურქეთი დახმარებას უწევდნენ ანტისამთავრობო ძალებს. ომში ჩაებნენ ექსტრემისტული გაერთიანებები, მათ შორის, ალ ყაიდა და „ისლამური სახელმწიფო“, თუმცა ისინი ქვეყნის ძირითადი არეალებიდან განდევნეს.

XS
SM
MD
LG