Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა დატოვეს


დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პოლიტიკური განცხადებების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს. მათ განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში არ გადადიან, თუმცა სხდომაზე აღარ დარჩებიან, რადგან აღარ აინტერესებთ, როგორ გადაანაწილებენ უმრავლესობაში თანამდებობებს:

„ახლა გამოვედი, მაგრამ თუ დავინახე, რომ სპეციალურად აგდებენ ბიუჯეტს, რომ რიგგარეშე ჩატარდეს, შეიძლება შევიდე და მხარი დავუჭირო ბიუჯეტს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გასვლის შემდეგ პლენარულ სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის წევრები რჩებიან.

პარლამენტის შესასვლელებთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებული. ისინი პარლამენტის შესასვლელებს ოპოზიციის პიკეტირებისგან იცავენ.

26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. დემონსტრანტები აპირებდნენ, არ დაეშვათ პარლამენტის სხდომის ჩატარება. აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციელები განლაგდნენ.

საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქცია 18 ნოემბერსაც დაშალეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG