„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ 26 ნოემბერს გამთენიისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული.
ორგანიზაციის შეფასებით, 26 ნოემბერს გამთენიისას აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც აქციის ძალადობრივ დაშლაში გამოიხატა, არ ემსახურებოდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სიკეთეების დაცვას, არ იყო პროპორციულად შემზღუდველი და დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი.
ორგანიზაცია კრიტიკას გამოთქვამს ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან აქციის დაშლის ოპერაციის შესახებ გამოთქმული დადებითი შეფასების გამო:
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან შსს-ს მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის პროფესიონალიზმად შეფასება, ძალადობის პირდაპირ სანქცირებად შეიძლება იქნეს აღქმული და პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, მოქალაქეთა შეკრებების ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაშლამ უკვე მიიღო სისტემატური ხასიათი, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან უკანგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, - აღნიშნულია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. დემონსტრანტები აპირებდნენ, არ დაეშვათ პარლამენტის სხდომის ჩატარება. აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციელები განლაგდნენ.
საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქცია 18 ნოემბერსაც დაშალეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.