Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bon appétit-ის შეუძლებლობა


პრეზიდენტი სალობიეში...

პატარები აღარ ვართ, რომ სიმართლეს თვალი ვერ გავუსწოროთ. დიდი ხანია, შევეგუეთ, რომ ჩვენი „ნუნუკა მასწავლებელი“ ტუალეტში დადის. ასევე ვიცით, რომ პრეზიდენტის ორგანიზმიც ასრულებს სრულ ფიზიოლოგიურ ციკლს და, შესაბამისად, მიირთმევს ხან თავის და ხანაც სხვის ხელით მომზადებულ კერძებს, მათ შორის, ლობიოსაც... ცხადია, ლობიო ქართულ კულტურაში (ალბათ, ბევრ სხვა კულტურაშიც) კერძზე მეტია და მის მოქმედებას ბევრი სკაბრეზული თქმა უკავშირდება, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის სალობიეში სტუმრობაზე საზოგადოების რეაქციამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ყველამ ყველაფერი გაიხსენა ლობიოსთან დაკავშირებული: დაწყებული მეტეორიზმიდან, დამთავრებული დემოკრატიით, რომელიც, ჯაბა იოსელიანის თქმით, ლობიოობა არ არის.

მაინც რატომ დასცინეს სალომე ზურაბიშვილს?

რატომ არ შეარგეს ქოთნის, ამოლესილი, ნიგვზიანი თუ სულაც კირკაჟი ლობიო?

წესით, დემოკრატიულობის ნიშანი უნდა იყოს, პრეზიდენტი რომ სალობიეში ვახშმობს, ყველაზე სახალხო და დემოკრატიულ კერძს რომ მიირთმევს, მაგრამ მაინც ისე მოექცნენ, თითქოს დანაშაულზე ან რაღაც უღირს საქციელზე წაასწრეს.

ცხადია, ლობიო აქ არაფერ შუაშია! სოციალურ ქსელებს ზუსტად ასეთივე რეაქცია ექნებოდათ, პრეზიდენტი სახინკლეში, სამწვადეში ან სულაც სახაშეში რომ გამოეჭირათ ნივრის სუნით გაჯერებულ ოხშივარში გახვეული.

„ვინ ვინ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ დგება ისეთი მომენტი, როდესაც ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერი ცუდია. ლობიოს ჭამაც კი“, - დაწერა იმავე სოციალურ ქსელში წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა, რომელიც ახლა საქართველოში არ ცხოვრობს.

კერძი მართლაც არაფერ შუაშია!

რა თქმა უნდა, არც სალობიეს დაუშავებია რამე!

ერთადერთ დამნაშავე დროა, რომელსაც ხელისუფლება ასცდა, ჩამორჩა! ჩამორჩენის პირველი ნიშანი (თუ გნებავთ, სიმპტომი) მიმდინარე მოვლენებზე არაადეკვატური რეაქციაა. სწორედ ამ არაადეკვატურობის გამოვლინებაა საპროტესტო აქციების ეპიცენტრში (თითქმის ეპიცენტრში) პრეზიდენტის ვახშმობა!

კარგად შეკმაზული ლობიოსგან განსხვავებით, პრეზიდენტი სრულიად გულგრილია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების მიმართ; გულგრილია, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს თვალებს თხრის პოლიცია, როცა ყინვაში წყლის ჭავლით არბევს მომიტინგეებს, როცა გათბობის საშუალებებს - შეშას და წალამს ისე ებრძვის, როგორც „წამალს“... პრეზიდენტიც, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად, გულგრილად ელოდება საპროტესტო მუხტის ჩაქრობას, ელოდება, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის მიერ მოტყუებული ხალხი დაიღლება, ხელს ჩაიქნევს და შეეგუება უსამართლობას... ამგვარ დამოკიდებულებაშია საქმე და არა ლობიოსა და სალობიეში! „სალობიეში ყოფნა“ არაადეკვატურობის მეტაფორადაც კი შეიძლება ვიხმაროთ. სხვათა შორის, სწორედ ასე გაიგეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც, თუმცა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირეს.

„სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია. კრიზისში და სალობიეში ისინი არიან და კარგია, რომ მიხვდნენ, სად უნდა მისულიყვნენ“, - თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ცხადია, ლობიოს ჭამა და სალობიეში შესვლა ვერ იქნება დასაძრახი საქმე. წარმოუდგენელია, ლობიომ, როგორც კერძმა, ან სალობიემ, როგორც ადგილმა, შეძლოს პრეზიდენტის დისკრედიტაცია. უფრო პირიქით, რადგანაც არც ერთი ხელობა და თანამდებობა, მათ შორის პრეზიდენტისა, არ შეიძლება იყოს უპირობოდ მადლის მფრქვეველი. პრეზიდენტი რომ ხარ, თავისთავად არაფერს ნიშნავს. კარგი პრეზიდენტი უნდა იყო: კონსტიტუციის გარანტი, როგორც კანონებში გვიწერია! სიმართლის მთქმელი და სამართლიანობის სიმბოლო!

„მონა! მონა!“ - სკანდირებდნენ სალობიესთან შეკრებილი ახალგაზრდები და, ცხადია, ვის მონობასა და ვის ბატონობაზე მიანიშნებდნენ! არადა, პრეზიდენტი მხოლოდ ხალხის მსახური უნდა იყოს! მხოლოდ ხალხს უნდა ერთგულებდეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყველა ღალატობს. ასე რომ იყოს, სხვანაირად დახვდებოდნენ ლობიოს მოყვარულ პრეზიდენტს: სურათს თუ არ გადაიღებდნენ მასთან ერთად, „ჩემო გამზრელო ლობიოს“ თუ არ უმღერდნენ, Bon appétit-ს მაინც არ დაამადლებდნენ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG