Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკუჩავა: აქციის თარიღი, სავარაუდოდ, დაემთხვევა პარლამენტში მოსამართლეების თემის განხილვას


პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს ოპოზიციის გეგმებიდან დეტალები გააცნო.

„დიდი აქციის თარიღი, სავარაუდოდ, დაემთხვევა პარლამენტში მოსამართლეების თემის განხილვას. ამას კვირის ბოლოს დავაანონსებთ. დიდ აქციაზე ველოდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომლებსაც ქვეყნის ბედი ადარდებს“, - ამბობს თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, დემონსტრანტები „ქართულ ოცნებას“ პლენარული სხდომების კომფორტულად ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

ბოკუჩავას თქმით, პროტესტის ერთ-ერთი ფორმა პიკეტირება იქნება, რაც დისკომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას“. მისი შეფასებით, როდესაც დეპუტატები იპარებიან პარლამენტში, ეს არის მორალური გაბანკროტება.

პარლამენტის წევრის ინფორმაციით, ოპოზიციის კიდევ ერთი აქტივობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ პროექტს უკავშირდება.

„პარასკევს შევიკრიბებით იმისთვის, რომ თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოვაწეროთ ჩვენს მოთხოვნას საარჩევნო სისტემის, კერძოდ, „გერმანული მოდელის“ შესახებ. ეს ძალიან სწრაფი გზა იქნება იმ მიზნების მისაღწევად, რაც გვაქვს. მერე, რომ არ გვითხრან, რომ შემოთავაზება არ გქონიათო. ჩვენ მაინც ვრჩებით კონსტრუქციულები და მშვიდობიანები“, - ამბობს ბოკუჩავა.

ოპოზიციური პარტიების უახლოესი დღეების გეგმების შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

XS
SM
MD
LG