Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ ფრაქციას ქმნიან


მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რიგები სხვადასხვა დროს დატოვეს, ახალ ფრაქციას ქმნიან. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება მარიამ ჯაში, მოადგილე - ლევან კობერიძე. გედევან ფოფხაძე ფრაქციის მდივნის პოზიციას დაიკავებს.

როგორც ლევან კობერიძის „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეპუტატებმა 28 ნოემბერს განცხადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ შესაქმნელად.

ამავე ცნობით, ფრაქცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს.

„ჩვენი მიზანია საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა.

ფრაქციის შექმნის ამოცანაა მომდევნო 10 თვის მანძილზე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის კონსტრუქციული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა.

ფრაქციის წევრობა საშუალებას მისცემს თითოეულ დამოუკიდებელ დეპუტატს უფრო აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, აირჩიოს მისთვის საინტერესო კომიტეტისა თუ დროებითი კომისიის წევრობა.

ფრაქციის თითოეული წევრი შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას საკუთარი, ინდივიდუალური მოსაზრებების გამოხატვისთვის.

თუმცა, ფრაქციის სახელით განცხადებები გაკეთდება მხოლოდ ფრაქციის ფორმატში შეჯერებული პოზიციების მიხედვით“, - ნათქვამია 6 დეპუტატის განცხადებაში.

6 დამოუკიდებელი დეპუტატი შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახელებს:

„- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მხარდაჭერა
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
- საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა
- ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა.
- ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერა
- ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
- სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკისა და რეფორმების გაუმჯობესება
- განათლების სფეროს პოლიტიკისა და რეფორმების ხელშეწყობა“.

XS
SM
MD
LG