Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდუმაშვილი: „ქართული ოცნების“ დეპუტატები როგორც ცხვრები ისე შერეკეს პარლამენტში


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ ურუმაშვილის ინფორმაციით, დილის 7 საათზე „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი უკვე პარლამენტში იყო.

„ბერლინის კედლები თბილისში მხოლოდ ერთი მიზეზით არ დაგვხვდა, დილის ხუთ საათზე გააღვიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და როგორც ცხვრები, ისე შერეკეს პარლამენტში“, - უთხრა ჟურნალისტებს უდუმაშვილმა, რომელიც პარლამენტის შენობასთან იმყოფება.

„თუ ასე სურთ მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ ასე. ხან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო სექტორი, ხან დილის ხუთ საათზე აღვიძონ დეპუტატები. არა უშავს, ჩვენ არ დავიღლებით. შემდგომი სესია რომ დაინიშნება, ისევ ღამეს გავათევთ და ისევ დავდგებით აქ და მერე როგორ შევლენ, ვნახოთ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპუტატები. იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ აუცილებლად“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისი ინფორმაციით, დღეს საპროტესტო აქცია პარლამენტის შესასვლელებთან გაიმართება: „იმედია, დღეს აღარ გამოიყენებენ წყლის ჭავლს და რობოკოპებს იმიტომ, რომ დეპუტატები შიგნით არიან“.

უდუმაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ შეუქმნიან იმის კომფორტს, რომ თავისუფლად შედიოდნენ პარლამენტში და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

დილიდან საქართველოს პარლამენტთან კვლავ პოლიციელების სიმრავლეა, თუმცა, 28 ნოემბრისგან განსხვავებით, მიმდებარე ქუჩებზე რკინის ჯებირები აღარ დაუდგამთ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირების აქციის განახლებას 10 საათიდან აპირებდნენ. "ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში გაცილებით ადრე მივიდნენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს. მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მსგავსი სისტემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამას უარყოფენ ოპოზიციის ლიდერები.

XS
SM
MD
LG