საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დღეს, 29 ნოემბერს, გამართა ახალი პროექტის, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაცია. საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სამინისტროს მიერ პროექტის დეტალების წარდგენამდე, ბიზნესის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა და თქვა, რომ დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება არა ნაკლებ ასი საინვესტიციო პროექტი, რათა ბიზნესმა უფრო ეფექტიანად შეძლოს ოპერირება. გახარიას განცხადებით, მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და ყველაფერი ერთად უნდა იძლეოდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას: „სხვათა შორის, ოქტომბერში, მიუხედავად ამ ყველაფრისა - ზოგიერთი კოლეგების ხულიგნობისა - ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5,7 პროცენტი. ათი თვის მასშტაბით ჩვენ გვქონდა ზრდა 5,1 პროცენტი. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკას სჭირდება უფრო სწრაფი ზრდა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი საინვესტიციო პროექტი: „ყველა ის აქტივი, განსაკურებით, სახელმწიფო საკუთრებაში რომელიც არსებობს, რომელიც არ არის სრულად ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ იმისთვის, რომ მივცეთ ბიზნესს საშუალება უფრო ძლიერად ოპერირებდეს. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს“.
გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას სრულად აქვს გააზრებული თავისი ფუნქცია, რომ ბიზნესს უნდა შეუქმნას კომფორტული და ხელსაყრელი გარემო, რათა ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, ჰქონდეს მეტი მოგება და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე.
გახარიას თქმით, მთავრობა ბიზნესს ჰპირდება, რომ ყოველთვის, ამ პროექტში არ იქნება ასზე ნაკლები საინვესტიციო შეთავაზება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით საუბარია, საერთო ჯამში, 150 მილიონის ღირებულების 117-მდე საინვესტიციო შეთავაზებაზე: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა განხორციელებული პროექტი, რომელიც იქნება ბიზნესთან ერთად თანამშრომლობაში სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურად განხორციელებული, ჩვენ დავაფიქსირებთ იმ სამუშაო ადგილების რაოდენობას, რომელსაც ბიზნესი აიღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ შექმნის“.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო წელიწადია, კარგად გვესმის, რომ არის გარკვეული ტურბულენტობა, მიუხედავად ამისა, მთავრობაც და ბიზნესიც ბევრად უფრო კონცენტრირებულად, წყნარად, მშვიდად, უფრო მეტი შემართებით, ეფექტიანობაზე მეტი კონცენტრირებით უნდა ვდგამდეთ მსგავს ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ დღეს“, - განაცხადა გახარიამ. პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს დაჰპირდა, რომ ყველა პროექტში, რომლის მიმართაც ინტერესი ექნებათ, მთავრობა ეფექტიან მედიატორობას გაუწევს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს სთავაზობენ 100 საპრივატიზებო ობიექტს, რომლებიც აუქციონზე ერთდროულად გავა.