Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლის 9 მარტს ნიდერლანდში დაიწყება სასამართლო დონბასში ჩამოგდებული MH-17-ის საქმეზე


2020 წლის 9 მარტს ნიდერლანდის სასამართლო კოლეგია დაიწყებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას დონბასის თავზე „მალაიზიის ავიაკომპანიის“ ბოინგ-777-ის ჩამოგდების მიზეზების გამოძიების საფუძველზე. ნიდერლანდის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეის MH-17-ის კატასტროფის თაობაზე სასამართლო გაიმართება ეროვნული და არა საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში. თვითმფრინავში მყოფი 298 ადამიანის უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქე იყო.

გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესის გამო სასამართლოს ადგილი ჰააგიდან გადატანილ იქნა იურიდიულ კომპლექსში აეროპორტ სხიპჰოლის მახლობლად. ბრალდებულთა შორის არის რუსეთის სამი მოქალაქე: ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის მინისტრი“ იგორ გირკინი, გენერალ-მაიორი სერგეი დუბინსკი და პოლკოვნიკი ოლეგ პულატოვი, ასევე უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო. წაყენებულ ბრალდებებზე რეაგირება მოახდინეს დუბინსკიმ, პულატოვმა და გირკინმა. ისინი ბრალეულობას უარყოფენ. სასამართლო პროცესში ბრალდებულთა მონაწილეობა ნაკლებ სავარაუდოა.

სასამართლოს სხდომები დაგეგმილია 2021 წლის მარტის ბოლომდე. სასამართლოს დარბაზში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება საინტერნეტო ტრანსლაციის მეშვეობით ვებსაიტზე courtmh17.com.

XS
SM
MD
LG