Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობას შეუდგა ევროპის კომისიის ახალი შემადგენლობა


1 დეკემბრიდან ევროპის კომისიამ მუშაობა ოფიციალურად დაიწყო ახალი შემადგენლობით, რომელსაც სათავეში უდგას ურზულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დონალდ ტუსკი შეცვალა ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა.

ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა. ის შეიმუშავებს საერთოევროპულ კანონმდებლობას და თვალყურს ადევნებს, ასრულებენ თუ არა წევრი ქვეყნები დაწესებულ ნორმებს. ევროკომისია არჩეულია ხუთი წლით, 2024 წლამდე.

მისი შემადგენლობა გასულ კვირას დაამტკიცა ევროპარლამენტმა, რომლის 461 დეპუტატი მიემხრო ახალ შემადგენლობას, ხოლო 157 წინააღმდეგი იყო. კომისიის შემადგენლობაში შედიან ევროპის სამი უმთავრესი პარტიული გაერთიანების წარმომადგენლები: მემარჯვენე ცენტრისტები, მემარცხენე ცენტრისტები და ლიბერალები.

კომისიას მხარი არ დაუჭირეს მემარცხენე და მემარჯვენე პოპულისტებმა, მწვანეებმა თავი შეიკავეს. კომისიის შემადგენლობაში შედის 27 პოლიტიკოსი, ევროკავშირის, ბრიტანეთის გარდა, ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენლები.

ევროპის კავშირის საბჭოს ახალი თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენი 61 წლისაა, ის გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. ადრე ფონ დერ ლაიენი გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო.

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი გახდა ჟოზეპ ბორელი, ესპანელი სოციალისტი, რომელმაც შეცვალა ფედერიკა მოგერინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG