Accessibility links

ნიკა მელია, სავარაუდოდ, პარლამენტს მიღმა რჩება


7-წლიანი გამოძიების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის “ბანკი ქართუს” ხელოვნურად გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლომ ნაწილობრივ გაამტყუნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

ნიკა მელია, რომელიც პარლამენტში ოპოზიციურ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს, ორი წლისა და სამი თვის განმავლობაში, ვეღარ დაინიშნება სახელმწიფო თანამდებობაზე. ასევე, მან უნდა გადაიხადოს ჯარიმა - 25 ათასი ლარი. გამამტყუნებელი განაჩენის გამო, მელიას საპარლამენტო მანდატის ჩამოართვა ემუქრება.

“ქართუს” გაკოტრების საქმე

2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა. გამოძიების მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური თანამდებობის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, “ბანკი ქართუს” გაკოტრება განიზრახეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურა ადეიშვილმა კანონის მანიპულაციით “ქართუს” ქონებები გაიტანა აუქციონზე. შემდეგ, ნიკა მელიას მითითებით, სავალდებულო საგარანტიო თანხის შეტანის გარეშე აუქციონებზე დაუშვეს ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მაღალი ფასის შეთავაზებით გაიმარჯვეს, თუმცა შეგნებულად არ გადაიხადეს საფასური. შედეგად, ქონებები გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, სადაც, ქონებები არარეალურად დაბალი ფასით გაყიდეს. საბოლოოდ, “ქართუმ” ვერ დაიბრუნა სესხის სახით გაცემული140 მილიონი ლარი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად მიესაჯა 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა. ის სრულად გაამტყუნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე, ქონების გადამალვაში მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით.

მელია: ივანიშვილს ჩემი დაპატიმრება უნდა

ნიკა მელია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

“გავრილოვის საქმის ფარგლებში, საერთშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, ვერ მოხერხდა ჩემი დაპატიმრება და მალევე მიხვდნენ, რომ დაახლოებით 10 თვე იქნებოდა საჭირო გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისთვის, რაც, რა თქმა უნდა, ივანიშვილს არ აწყობდა. შესაბამისად, დააჩქარეს თაროზე შემოდებული საქმე", - ამბობს ნიკა მელია, რომლიც თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ის ფიქრობს, რომ ამ გზით ხელისუფლება ცდილობს შეუჩეროს დეპუტატის უფლებამოსილება და დააპატიმროს.

მელიას 5 თვეა აღარ აქვს დეპუტატის იმუნიტეტი, რომელიც მას დაპატიმრებისგან იცავდა. “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება 20 ივნისის აქციის საქმეზე მიიღო.

ნიკა მელია, ისევე, როგორ ბრალდების მხარე, საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

ჩქარობს თუ არა პარლამენტი

საქართველოს კონსტიტუციით, თუ დეპუტატი დამნაშავედ ცნეს, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე.

“ახლა რომ პარლამენტმა იჩქაროს, თუ [სასამართლოს] ზედა ინსტანციამ [მელია] უდანაშაულოდ ცნო, მერე როგორ დაბრუნდება ეს ადამიანი პარლამენტში?” - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი კოტე ჩიკორაია.

ჩიკორაიას თქმით, ქართული პრაქტიკით, სისხლის სამართლის საქმეზე, პატიმრობის გარდა, სასჯელი აღსრულება მხოლოდ სასამართლოს ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ.

“კონსტიტუციური ნორმის განმარტება ყოველთვის ხდება მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე. და არა ასე უხეშად, სიტყვა-სიტყვით”, - ამბობს ჩიკორაია.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელია კრიმინალია. მისი აზრით, მელიას მიმართ სანქცია საკმაოდ რბილია, რადგან მან “ცხადი დანაშაული ჩაიდინა”.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველ საკითხად გავა და მას მხარს დაუჭერს ირაკლი კობახიძე. იმისთვის, რომ მელიამ პარლამენტში ადგილი დაკარგოს, კიდევ 75 ხმაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG