Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური: თუ დასაკავებელი იქნება, დააკავებენ ადამიანებს


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება შეფასებას, რომ პოლიციას ადეკვატური რეაქცია არ ჰქონდა „ქართული ოცნების“ ოფისთან 2 დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებაზე. გომელაურის განცხადებით, ძალადობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დღეს, 3 დეკემბერს, ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ჰკითხეს, რატომ არ ახდენდა პოლიცია მმართველი პარტიის ოფისთან მყოფი, „ქართული ოცნების“ აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერების ტერიტორიიდან განრიდებას: „მტკიცებულებით ფორმაში ნუ იძახით. თქვენ ხო ყველას ვერ ნახავდით, იქ ხუთასი კაცი იყო. საქმე აღიძრა და თუ დასაკავებელი იქნება, დააკავებენ ადამიანებს“.

შეკითხვას, იყვნენ თუ არა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მობილიზებული და მართული თავად მმართველი პარტიის მიერ, გომელაურმა უპასუხა, რომ, როგორც იცის, „ეს ადამიანები იყვნენ კონცერტზე და იქიდან ამოვიდნენ, როცა გაიგეს, რომ დაიძაბა სიტუაცია“.

„სულ ყოველთვის, სამწუხაროდ, ასეა ხოლმე, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან მტყუანები... „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან რომ მივიდნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები და გამოთქვან პროტესტი და დაპირისპირება მოუვიდეთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირობითად, ვინ უნდა გაწიოს პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან, „ქართული ოცნების“ მომხრეები, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები?!“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, 2 დეკემბერს პოლიცია „ქართული ოცნების“ ოფისთან მისულებს ტერიტორიიდან გასვლისკენ მოუწოდებდა, რაც არ გააკეთეს და არც თავიანთ ოფისთან მყოფები მიდიოდნენ ადგილიდან: „პოლიციამ რა გააკეთოს?! თუ მოკიდებს ხელს და ძალით ჩასვამს მანქანაში, დააკავა და რატომ აკეთებს ამასო. როცა არ აკეთებს, რატომ არ აკეთებსო...“

2 დეკემბერს, თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავდა აქციის 5 მონაწილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG