Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 დეკემბერს გახდება ცნობილი ევროსასამართლოს დიდი პალატა განიხილავს თუ არა „რუსთავი 2“-ის საქმეს


ევროსასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარი პანელი მომდევნო სხდომაზე, 9 დეკემბერს, განიხილავს მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს დიდი პალატისთვის „რუსთავი 2"-ის საქმის გადაცემას, - ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ევროსაბჭოს პრესსპიკერისგან მიიღო.

საქმეზე „რუსთავი 2" და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" ყოფილმა მესაკუთრეებმა - ლევან ყარამანიშვილმა, გიორგი ყარამანიშვილმა და ტელეკომპანია „საქართველომ" მოითხოვეს, რომ ევროსასამართლოს მიერ 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება განსახილველად გადაეცეს დიდ პალატას.

ევროკონვენციის 43-ე მუხლის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში მხარე გამონაკლის შემთხვევებში მოითხოვს საქმეზე იმსჯელოს სასამართლოს 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა, რომელის 5 მოსამართლეს აერთიანებს, განიხილავს, საქმე წარმოშობს თუ არა კითხვებს; არის თუ არა ევროკონვენციის ან მისი ოქმების ინტერპრეტაციის ან განმარტების საჭიროება. ან თუ წარმოშობს სერიოზულ საკითხებს, რომლებიც ზოგადი მნიშვნელობის არის და რაზეც დიდი პალატა საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

თუ ასეთი კითხვა ან საკითხი არ წარმოიშობა, ხუთი მოსამართლისგან შემდგარი პანელი უარს იტყვის საქმის დიდი პალატისთვის გადაცემაზე, რაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება.

პანელის გადაწყვეტილებები 10 დეკემბერს გასაჯაროვდება.

პანელი გადაწყვეტს, იღებს თუ არა საჩივარს, იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე დიდმა პალატამ განიხილოს.

18 ივლისის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვიტა, რომ:

  • დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
  • ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოს სასამართლოს არც ერთ ინსტანციაში;
  • 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
  • ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
  • აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60%-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში გახდა, ხოლო 40% - შპს „პანორამა", რომლის მესაკუთრე თავის მხრივ, ასევე ხალვაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG