Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს ბრალს დღეს წაუყენებენ


ზუგდიდის საქალაქო სასამართლო
ზუგდიდის საქალაქო სასამართლო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ზომად 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულ რომან მალანიას. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლოს სხდომაზე მალანიამ დუმილის უფლება გამოიყენა.

რომან მალანია 2 დეკემბერს, ზუგდიდში დააკავეს. იმ დღეს მალანიასთან ერთად იმყოფებოდა ბერი გიგა ქავთარაძე, რომელიც პოლიციას 4 დეკემბერს, ღამით ჩაბარდა. სასულიერო პირმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი აღმოაჩინეს, მას ეკუთვნოდა. ბერს, რომელიც რამდენიმე წელია ათონის მთაზე მსახურობს, ოფიციალურ ბრალდებას დღეს წაუყენებენ და ამის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

რომან მალანიას ადვოკატმა, ჯიტა გულუამ დღეს, 5 დეკემბერს სასამართლოს სხდომის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2 დეკემბერს რომან მალანიას თბილისში წასაღებად ჩანთა სასულიერო პირმა გადასცა. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციაში წუხელ მისულმა ბერმა განაცხადა, რომ მალანიამ არ იცოდა, თუ რა იდო ჩანთაში.

ჯიტა გულუას განმარტებით, მოსამართლემ რომან მალანიასთვის გირაოს შეფარდებისას სწორედ ის გარემოება გაითვალისწინა, რომ არსებობს პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადებული მხარე(სასულიერო პირი), რომელიც ამბობს, რომ მალანიამ ნარკოტიკის შესახებ არაფერი იცოდა.

ადვოკატისთვის უცნობია, უდგებიან, თუ არა ბერს თავდებად სასულიერო პირები. „სასულიერო პირები თავდებში რომ დაუდგნენ ნამდვილად არ გამიკვირდება, მამაოს წარსულიდან გამომდინარე. ის იმდენად დაფასებული, უნიჭიერესი ადამიანია. ბოსტონში ინგლისურად დაამთავრა უნივერსიტეტი და საბერძნეთში ბერძნულად. ნამდვილად არ არის რიგითი საქმე. გარდა ამ განათლებისა, მას აქვს სხვა სულიერი, ძალიან დიდი კეთილი მხარე, რომელსაც ალბათ, ეკლესია დააფასებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯიტა გულუამ.

რაც შეეხება რომან მალანიას საქმეს, პროკურორ მარიამ ქორიძის განმარტებით, ბრალდების მხარე მალანიასთვის პატიმრობას შეფარდებას ითხოვდა, რადგან არსებობს მისი მიმალვის და ასევე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მუშაობს იმის დასადგენად, სად, როგორ და რა მიზნით მოხდა ნარკოტიკის შეძენა. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, მალანიას მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მარიამ ქორიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შორისაა პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები.

პროკურორის განმარტებით, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მალანიას საპატიმრო გირაო შეუფარდა: „სანამ არ იქნება კონკრეტული თანხა, რომელიც სასამართლომ დაუწესა მას გადასახდელად გარკვეულ ვადაში, ეს პირი რჩება პატიმრობაში“. მარიამ ქორიძის ინფორმაციით, თუ ბრალდებული გირაოს თანხას 30 დღის ვადაში არ გადაიხდის, პატიმრობაში დარჩება.

XS
SM
MD
LG