Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მემორიალს“ როსკომნადზორში უჩივიან უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის დარღვევაში


უფლებადამცველ ცენტრ „მემორიალის“ წინააღმდეგ რუსეთის საზედამხედველო ორგანოში, როსკომნადზორში ახალი საჩივარი შევიდა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიხედვით. ცენტრში აღნიშნავენ, რომ საჩივარი პირველად იქნა შეტანილი არა სამართალდამცავი ორგანოების, არამედ კერძო პირის მიერ.

საზედამხედველო ორგანოში ვინმე ანდრეი შ.-მ გაგზავნა წერილი, რომლის თანახმად, მან ინტერნეტში - კერძოდ, „ეხო მოსკვის“ საიტზე - იპოვა მასალები, რომლებიც არ არის მარკირებული, რაც აუცილებელია უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიხედვით. განმცხადებელი როსკომნადზორისგან ითხოვს, გაერკვეს საქმის ვითარებაში და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები. ხუთშაბათს „მემორიალის“ წარმომადგენლები როსკომნადზორის ოფისში გამოიძახეს ოქმის შესადგენად.

მანამდე „მემორიალი“ რამდენჯერმე დააჯარიმეს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის დარღვევისთვის. ჯარიმების საერთო მოცულობამ ორ მილონ რუბლს გადააჭარბა. მთლიანობაში „მემორიალის“ წინააღმდეგ დაიწერა 20 საჩივარი. ისინი შევიდა ინგუშეთის ფსბ-ს სამმართველოდან. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის შურისძიება „მემორიალის“ ინგუშეთის ფილიალის წინააღმდეგ.

უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი რუსეთში 2012 წელს იქნა მიღებული. დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია ან საზოგადოებრივი მოძრაობა შეიძლება შეყვანილ იქნეს აგენტების სიაში, თუკი ისინი ფინანსურ დახმარებას იღებენ უცხოეთიდან და ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ასეთი საქმიანობის დასადგენი კრიტერიუმები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული.

2019 წელს რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის „უცხოეთის აგენტებად“ მედიისა და ცალკეული მოქალაქეების მიჩნევას. კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია მსხვილი ჯარიმები და 15 დღემდე პატიმრობა.

XS
SM
MD
LG